მთავარი,სიახლეები

მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

15.10.2022
მობილიზებულები უარესად არიან აღჭურვილი, ვიდრე დანარჩენი არმია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში რუსი რეზერვისტების ეკიპირებაა. უწყების ცნობით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული რუსი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი გადაისროლა, თუმცა მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე ბევრად ჩამოუვარდება მანამდე უკრაინაში გაგზავნილი და ისედაც ცუდად აღჭურვილი რუსული ჯარების უზრუნველყოფის ხარისხს.

„ბევრი რეზერვისტი იძულებულია ჯავშანჟილეტი თავად შეიძინოს, განსაკუთრებით თანამედროვე ჯავშანჟილეტი 6B45, რომელიც წესით, ინდივიდუალური ეკიპირების პროგრამის „რატნიკის“ ფარგლებში ისედაც უნდა გაიცემოდეს სამხედრო პერსონალზე,“ – წერს დაზვერვა 15 ოქტომბრის რელიზში.

უწყება მიუთითებს, რომ ჯავშანჟილეტი 6B45 რუსულ ინტერნეტმაღაზიებში ახლა 40 000 რუბლად, დაახლოებით 640 ამერიკულ დოლარად იყიდება. იგივე ჟილეტი ჯერ კიდევ აპრილში, 12 000 რუბლი  – 190 დოლარი ღირდა.

„2020 წელს რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუს სამხედროებს ჰქონდათ „რატნიკის“ დაცვის აღჭურვილობის 300 000 კომპლექტი, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო უკრაინაში დისლოცირებული ძალებისთვის,“ – დაზვერვა ასკვნის, რომ ქვეყანაში ფესვგადგმული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა უკრაინაში რუსეთის წარუმატებელი მოქმედებების ერთ-ერთი მიზეზია.

„ნაწილობრივი მობილიზაციის“ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებზე არაერთხელ წერდნენ რუსული მედიაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის ბრიტანეთის დაზვერვაც, რომელიც თავის რელიზებშიც მიუთითებდა, რომ მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული სამხედროების მომზადების დონე და უზრუნველყოფა ძალიან დაბალია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება დონბასში რუსეთის შეტევით ოპერაციებს მიმოიხილავდა. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ამ რაიონში რუსეთის ოპერაციებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ხელმძღვანელობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: