უკრაინის ქალაქ ვინიცაში დღეს, 14 ივლისს მომხდარი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის – 3 ბავშვი. მსხვერპლის რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.
აფეთქების შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება ვინიცაში 14 ივლისს, დილის 10:45 საათზე მოხდა, ქალაქის ცენტრში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქს შავი ზღვიდან, წყალქვეშა ნავიდან, „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტა გაანადგურეს, 4 კი ქალაქში დაეცა.






