მთავარი,სიახლეები

რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ურტყამს – კრემლი ოდესის დაბომბვის შემდეგ

01.07.2022
რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ურტყამს – კრემლი ოდესის დაბომბვის შემდეგ

კრემლმა პირველი კომენტარი გააკეთა სარაკეტო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, ოდესის ოლქში,  პირველადი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ამჯერადაც ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიმეორა.

„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რუსეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არ მუშაობენ,“ – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ რუსეთის სამიზნე მხოლოდ „სამხედრო შეიარაღების საწყობები და ის საწარმოებია, სადაც ტექნიკას ამზადებენ და არემონტებენ. ასევე, საბრძოლო მასალების საწყობები და დაქირავებული მებრძოლების საწვრთნელი ადგილები“.

მეტი დეტალის დასაზუსტებლად, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.

პირველი ივლისის ღამით რუსეთმა Х-22 რაკეტებით დაარტყა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ორ დასასვენებელ კომპლექსს სერგეევკაში, ოდესის ოლქში.

კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. დღის 13.00 საათის მონაცემებით, დაიღუპა 20 და დაიჭრა 40 ადამიანი.

18-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა კრემენჩუგში, სადაც 27 ივნისს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სავაჭრო ცენტრზე. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშინ, როცა რუსეთის არმიამ სავაჭრო ცენტრი დაბომბა, იქ 1 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა.

მთავარი ფოტო: დიმიტრი პესკოვი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: