ბათუმი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

17.05.2022
ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

ქალაქის შემოსასვლელში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი ღამის დეკორატიული გარეგანათების სისტემა არ მუშაობს. აქ ელექტროკაბელები მოიპარეს. კონკრეტულად როდის აღადგენენ განათებას, მერიის სამსახურში არ გვიპასუხეს. სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც.

„თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა განათება დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ მონაკვეთში მთლიანი კაბელი აღარაა, მოიპარეს, როგორც ჩანს, და არის ახლა ასე ჩაბნელებული. ასევე ფილები არის დაზიანებული“, – მოგვწერა დღეს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა/ბათუმი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე დეკორატიული გარეგანათების კაბელები მოპარულია.

„ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ უწყებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ამ ეტაპისთვის ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – გვითხრეს მერიაში.

რას აპირებს სამმართველო გამოძიების დასრულებამდე? ანუ, აღადგენენ თუ არა გარეგანათებას და როდის? 

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფრასტრუქტურის სამმართველოში გვითხრეს, რომ ოფიციალური წერილით მივმართოთ და პასუხსაც „ოფიციალურად, წერილობით მოგვაწვდიან“.

ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის ტროტუარი ბათუმში ღამის განათების გარეშეა – აქ გარეგანათების ელექტროკაბელები მოიპარეს / მოქალაქის მიერ მოწოდებული ფოტოები

სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვის მოაჯირს რაც შეეხება, ის არაერთ ადგილზეა დაზიანებული [დატეხილი და ჩამოცვენილია ქვის ფილები].

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ეს ადგილი მონიშნული აქვთ და უახლოეს პერიოდში აღადგენენ“.

როდის იქნება „უახლოესი პერიოდი“, ვერც ამ სააგენტოში დაგვიკონკრეტეს – „შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება“.

დაზიანებული მოაჯირი ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: