მთავარი,სიახლეები

ქართველმა დედებმა უკრაინელი დედებისა და ჩვილებისთვის 12 000 ლარი 2 დღეში შეაგროვეს

05.03.2022
ქართველმა დედებმა უკრაინელი დედებისა და ჩვილებისთვის 12 000 ლარი 2 დღეში შეაგროვეს

„დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв“  – ამ წარწერით ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან.

მეძუძური დედებისა და ახალშობილებისთვის პირველი დღეებიდანვე საჭირო აუცილებელი ნივთები, საკვები, მედიკამენტები თუ მოვლის საშუალებები ქართველმა დედებმა შეაგროვეს, რომლებიც დიდ ფეისბუქჯგუფში არიან გაწევრიანებული.

დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв  – ამ წარწერით დახმარების ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან უკრაინაში

აქცია უკრაინელი დედებისა და ჩვილების დასახმარებლად

„ლაქტაცია და განვითარება“ –  ასე ჰქვია ფეისბუქჯგუფს, სადაც 25 ათასზე მეტი ახალშობილის დედაა გაწევრიანებული.

ქეთა ლაბაძე ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია. ორი დღის წინ მან ჯგუფში დაწერა იმ საჭიროებების შესახებ, რაც უკრაინაში ახლა აქვთ მეძუძურ დედებსა და მათ ახალშობილ ბავშვებს:

„ვესაუბრეთ მედდას, რომელიც ბუნკერშია ახლა მშობიარე ქალებთან ერთად უკრაინაში. მოგვწერეს საჭიროებების სია. ეს არის არა ელექტრო, არამედ ხელის საწველები ჭარბი რძისთვის, მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი საძილე ტომრები ბავშვებისთვის, D ვიტამინი, საკვები – რაც შეიძლება მეტი, ტანსაცმელი – რაც შეიძლება მეტი და საფენები, სველი ხელსაწმენდებიც, რადგან იქ წყალი არ აქვთ, რომ ბავშვებს მიხედონ სათანადოდ“ – ამბობს ქეთა ლაბაძე.

მარჯვნივ: ქეთა ლაბაძე, ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი. მან ორი დღის წინ ჯგუფში დაწერა იმ საჭიროებების შესახებ, რაც უკრაინაში ახლა აქვთ მეძუძურ დედებსა და მათ ახალშობილებს.

ამ სიის ჯგუფში გამოქვეყნების შემდეგ მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, 2 დღეში კი ჯგუფში გაწევრიანებულმა დედებმა ჯამში 12 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს.

ქეთა გვიყვება, რომ ვისაც მანქანით ვერ მოჰქონდა საკვები, ნივთებით და დახმარების სხვა საშუალებებით სახლში აკითხავდნენ:

„მოდიოდნენ ქალები ცალ ხელში პატარა ბავშვებით, ცალ ხელში უზარმაზარი პარკებით“ – გვიყვება ქეთა.

უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება

ნინო რომელაშვილი დახმარების უკრაინელი დედებისთვის დახმარების შემგროვებელთა გუნდს შეუერთდა. ახლა თავადაც ლაქტაციის პერიოდი აქვს და ზუსტად იცის, რა სირთულეებითაა სავსე ქალისთვის ეს პერიოდი:

„რომ წარმოვიდგენ რა მდგომარეობაში არიან მეძუძური დედები და მათი ახალშობილები ბუნკერში, მზარავს. ნებისმიერი დედა მიიტანდა გულთან ამ რეალობას. მას შემდეგ რაც ჯგუფის მოდერატორმა დაწერა ჩვენს ფეისბუქჯგუფში, გავიგეთ, რომ შეგროვილი ნივთების გადატანა იყო საჭირო მე და ჩემმა მეუღლემ მანქანით გადავიტანეთ შეგროვილი დახმარება ჰუმანიტარული ტვირთის შემკრებ ერთ-ერთ პუნქტში“ – ამბობს ნინო.

ნინო რომელაშვილი შვილთან ერთად

ფეისბუქჯგუფის ,,ლაქტაცია და განვითარება” წევრებმა 2 დღეში უკრაინელი დედებისა და ახალშობილებისთვის 12 ათასი ლარი შეაგროვეს

ნათია გონაძეც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის ერთ-ერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომელმაც დედებს სპეციალური, სველი ხელსაწმენდები უკრაინელებისთვის უსასყიდლოდ გადასცა, მეორე კომპანიამ კი 8 000 ლარის ღირებულების ბავშვთა კვების პროდუქტები ნახევარ ფასად, 4000 ლარად მიჰყიდა დედებს:

„შეგროვდა ტანსაცმელი, პამპერსი, საკვები, ბოთლები, ფაფები. ყველაფერი, რაც დედებს და ახალშობილებს პირველი დღეებიდანვე სჭირდებათ. ამ რაოდენობის დახმარებით უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გვეცოდინება, რომ ბავშვები იქნებიან გამოკვებილები და ექნებათ ყველა საჭირო ნივთი.

ჩავისვი მანქანაში ჩემი 1 წლის გოგო და მანქანით ვაკითხავდი მთელი დღე დედებს, რომლებსაც რამის გადმოცემა სურდათ და სახლიდან ვერ გამოდიოდნენ. მატანდნენ ლაქტაციის ბალიშებს, ყველაფერს რაც შინ მოეპოვებოდათ.

„ჩავისვი მანქანაში ჩემი 1 წლის გოგო და მანქანით ვაკითხავდი მთელი დღე დედებს, რომლებსაც რამის გადმოცემა სურდათ და სახლიდან ვერ გამოდიოდნენ” – ამბობს ნათია გონაძე

ჩემი ერთი წლის შვილი მანქანით დამყავდა მთელი დღე, ჩავთვალე, რომ ერთ დღეს ასე გაძლებდა, მატანდნენ დედები ლაქტაციის ბალიშებს, „აი, ახლახან გავხსენი პამპერსის ეს შეკვრა და ორი მოვაკელი, დანარჩენი წაიღე!“ – ესეც კი მითხრა ერთმა დედამ.

ერთი ბავშვის მამამ დამირეკა და 3 ცალი ფაფა მომიტანა, ეს ჩვენგანო – მითხრა. ეს ყველაზე ძვირფასი ფაფა იყო ჩემთვის ქვეყანაზე“ – ამბობს ნათია გონაძე.

საჩუქარი უკრაინელ ახალშობილს

საქართველოში მცხოვრები დედების აქცია უკრაინელი დედებისა და ახალშობილების დასახმარებლად

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: