მთავარი,სიახლეები

„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში

31.10.2021
„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა და მედიას აცნობა, რომ ამ არჩევნების შედეგების შეგუებას ისინი არ აპირებენ.

ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გააცნო მედიას.

გიორგი კირთაძემ პოლიტიკურ განცხადებასთან ერთად დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა:

„რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს: დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების მობილიზება უბნებზე, რომლებსაც ყველაფერთან ერთად ბეიჯებიც ჩამოკიდეს. ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალებთან, ჟურნალისტებთან, ჩვენი საუბნო კომისიის წევრთან…

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, „ქართული ოცნება“ უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა. მე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ბიულეტენი, რომელიც ბათილია. გადახაზულია ჩემი კონკურენტი, შემოხაზულია გიორგი კირთაძე და ის ჩაითვალა ბათილად. ასეთი უამრავი ბიულეტენი გააბათილა „ქართულმა ოცნებამ“.

აღმოჩნდა, რომ 37-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე ზემოდან დევს 83-ე საუბნო კომისიის ბიულეტენი. ამას დააკვირდა ჩვენი წარმომადგენელი და აღმოაჩინა. ამ ფორმით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ამომრჩეველს წაართვა არჩევანის უფლება.

ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით“.

___

ენმ-ს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიფინგი გამართეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისშიც, სადაც თქვეს, რომ მათ ხელთ არსებული ოქმების თანახმად, არჩევნებს ბათუმში იგებს მათი პარტიის წარმომადგენელი, არჩილ ჩიქოვანი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილმა ასევე მიმართა ოპონენტებს და თქვა, რომ „მათ აუცილებლად მოუწევთ ამ შედეგების აღიარება“.

ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის [01:30 სთ] ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან 57 უბნის მონაცემებია ატვირთული. ამ მოცემულობით ხმები ასე ნაწილდება: არჩილ ჩიქოვანი – 50.827%, გიორგი კირთაძე – 49.173%.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: