ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერში [ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში] 80 კვ/მ ტერიტორიას 5-წლიანი იჯარით გასცემს.
მომავალმა მოსარგებლემ იჯარით აღებულ ნაკვეთზე უნდა მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/ატრაქციონები, მათ შორის კომერციული მიზნითაც, ნაკვეთის მიმდებარე სკვერში კი – უფასო სასრიალო და საქანელები.
აუქციონში გამარჯვებული ნაკვეთის სარგებლობისთვის ვალდებული იქნება ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 7 600 ლარი შეიტანოს, თუმცა ეს არის აუქციონის საწყისი ფასი. აუქციონის ბიჯი 230 ლარია.
ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია და 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალი მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია:
- „მიწის ნაკვეთზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე/პარკი; რომლის მოწყობის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, უნდა განათავსოს სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი, მათ შორის კარუსელები, ბატუტი, სათევზაო აუზი და სხვა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა“;
- მანვე „ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 თვეში, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის სიახლოვეს [სკვერში] უნდა განათავსოს ბავშვთა სასრიალო [უფასო], სათამაშო მაგნიტური სილა [უფასო] და შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ინკლუზიური მინისაქანელები [უფასო] და სხვა;
- იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
- განახორციელოს როგორც იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება“.
აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს სარგებლობაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე ბილეთების რეალიზაციის მიზნით განათავსოს სალარო ჯიხური; თუმცა ეკრძალება ამავე ნაკვეთზე განათავსოს სავაჭრო ან საზოგადოებრივი კვების ობიექტი.

ადგილი სკვერში, რომელსაც ბათუმის მერია იჯარით გასცემს / ფოტო აუქციონიდან
„იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა“, – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.
—
ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში, მათ შორის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაზეც გამოაცხადა აუქციონი, თუმცა ეს პროექტი არ შედგა:






