ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

16.07.2021
ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტიდან 8 371 976 ლარია გათვალისწინებული ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ხუთსართულიანი კორპუსები ჯავახიშვილის N82-ში [ორბელიანის ქუჩის კვეთაში] უნდა აშენდეს.

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მერიამ 4 სახლი უკვე ააშენა. ეს პროგრამა მერიამ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ბინები ბენეფიციარებისთვის დღემდე არ გადაუცია.

როდის დაიწყება ბინების გაცემა? – „ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს“ – მოგვწერეს პასუხად „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურიდან.

ამჯერად 4 სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2021 წლის 31 ივლისს დაიწყება და 5 აგვისტოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები კი, 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს პროგრამა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია“.

როგორ შეარჩევენ ბენეფიციარებს, პროგრამაში გაწერილი არ არის. თუმცა ეს პროგრამა მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ „მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულია ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, არ გააჩნიათ საკუთრებაში უძრავი ქონება და თავისი შემოსავლიდან გამომდინარე ბაზარზე არსებული მოთხოვნებით ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის შეძენა, მიეცეთ შესაძლებლობა შეიძინონ საცხოვრებელი ბინა, შეღავათიანი პირობებით“.

ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ჯავახიშვილის N82-ში ასაშენებელი 1 სოციალური სახლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიას შპს „აჭარსპეცპროექტისგან“ აქვს შეძენილი. დანარჩენი 3 სოციალური სახლის მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენაში კი, მერიის სამმართველომ კომპანია „ბამბლის“ 27 777 ლარი გადაურიცხა ქალაქის ბიუჯეტიდან.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

მთავარი ფოტო: ესკიზი ტენდერიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: