მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს – ექიმის რჩევები

01.07.2021
რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მწვავე ბრონქიტი ოჯახის ექიმის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია, ქრონიკული ბრონქიტი შედარებით უფრო იშვიათია. რა განსხვავებაა ბრონქიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს შორის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბრონქიტს და როგორია პრევენცია – „ბათუმელების“ კითხვებს ფთიზიატრ-პულმონოლოგი, ბრონქოლოგი მაკა გელაშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო მაკა, რა არის ბრონქიტი?

ბრონქიტი არის ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქული მილების) ინფექცია, როდესაც ანთებითი პროცესები ვითარდება ბრონქულ გზებში. არსებობს ორი სახის ბრონქიტი – მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ბრონქიტის განმარტება ემყარება კლინიკურ გამოვლინებებს: მწვავე დაავადების ხანგრძლივობა 21 დღე. ხველა ძირითადი სიმპტომია ბრონქიტის და ასევე მსტვინავი ხიხინები, ნახველის პროდუქცია და ტკივილი გულ-მკერდის არეში. მწვავედ იწოდება ბრონქიტი, როდესაც მისი ხანგრძლივობა არ აღემატება სამ კვირას.

მწვავე ბრონქიტი უფრო ხშირად ვითარდება გაცივებითი დაავადებებით – ეს შეიძლება გამოიწვიოს ვირუსებმა, ბაქტერიებმა, ატიპიურმა გამომწვევებმა, სოკოებმა.

როდესაც პაციენტს 2 წლის განმავლობაში აღენიშნება ხველა, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეა, ამას უწოდებენ ქრონიკულ ბრონქიტს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ბრონქიტმა ან ხანგრძლივი მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებამ (მოწევა, პროფესიული საქმიანობა, დაბინძურებული ჰაერი, კლიმატური პირობები, მაგალითად, ნესტი და ა.შ.)

ქრონიკული ბრონქიტი არის პირველადი და მეორადი (სასუნთქ სისტემებში არსებული სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად განვითარებული), ობსტრუქციული და არაობსტრუქციული (ობსტრუქცია ნიშნავს ბრონქების შევიწროებას). ნახველის ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს ქრონიკული ბრონქიტის ტიპები – კატარალური, ჩირქოვანი ჰემორაგიული.

MayioClinic: ქრონიკული ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიგარეტის მოწევაა. ჰაერის დაბინძურებამ, გარემოსა თუ სამუშაო ადგილზე გაბნეულმა მტვერმა, ტოქსიკურმა გაზებმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყონ ბრონქიტის განვითარებას.

  • როგორი სიმპტომები ახასიათებს ბრონქიტს, როგორ ამოვიცნოთ ბრონქიტი?

ძირითადი სიმპტომებია ხველა – ნახველით ან მის გარეშე, ტემპერატურა უპირატესად 37.5C ან 38-39C. მსტვინავი სუნთქვა, უპირატესად ფორსირებული ამოსუნთქვისას, სისუსტე და დაღლილობა.

ხველა დასაწყისში შეიძლება იყოს მშრალი, რაც მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს, შემდეგ გადადის პროდუქტიულში, ნახველი თავიდან ლორწოვანია, გამჭვირვალე და მოგვიანებით შესაძლოა მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ანუ ჩირქოვანი გახდეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხველა სიმპტომია ბრონქების, რომელიც ყველაზე გვიან ქრება, მაშინ როდესაც სხვა სიმპტომები უკვე ალაგებულია.

ადრეული ასაკის ბავშვები ნახველს ყლაპავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ღებინება.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

ამ ჩივილების გაჩენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ბრონქიტის დიაგნოზი სწორად რომ დაისვას. მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტირებისას აუცილებელია გამოირიცხოს რესპირატორული ტრაქტის სხვა პათოლოგიები, განსაკუთრებით ასთმა, რადგან ამ ორივე პათოლოგიისთვის დამახასიათებელია ბრონქოსპაზმი, მაგრამ ასთმის შემთხვევაში ეს განმეორებადი და პროგრესირებადია. აგრეთვე უნდა გამოირიცხოს პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება და პოსტნაზალური ჩანადენის ანუ ქრონიკული ხველის სინდრომი. ასე, რომ მეტად მნიშვნელოვანია თითქოს უწყინარი და მარტივი პათოლოგიის შემთხვევაში მივმართოთ ექიმ სპეციალისტს. ასე თავიდან ავიცილებთ უფრო რთულ და შეუქცევად გართულებებს.

  • რა არის ბრონქიტის უხშირესი მიზეზები და ვინ არიან რისკჯგუფში?

ყველაზე ხშირი მიზეზია მწეველობა – იწვევს ბრონქული ხის კედლის ანთებას და არღვევს უჯრედულ მემბრანებს.

მტვრით დაზიანება (უხშირესად მეშახტეებში), შესუნთქული მტვერი დროთა განმავლობაში გროვდება და ილექება ბრონქების კედლებზე, რაც ბრონქული ხის კედლის ნორმალურ ანატომიურ აგებულებას აზიანებს. აგრეთვე ალერგენების ზემოქმედება, მაგალითად, მტვერი და სხვადასხვა ნაწილაკი. სწორედ ალერგენები წარმოადგენენ ანთებითი პროცესის გამშვებ მექანიზმს.

თანამედროვე მონაცემებით, გამომწვევ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვნად მიჩნეულია პაციენტის კონტაქტი სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებულ პირებთან, რადგან მაღალია დასნებოვნების ალბათობა ვირუსული თუ ბაქტერიული აგენტებით (მაგალითად, გრიპი, პნევმონია, ფილტვების ანთება, მიკრობები, იგივე ვირუსები იწვევენ ბრონქიტსაც).

  • ამძაფრებს ბრონქიტს ნესტიანი გარემო?

ნესტი აქტუალური პრობლემაა, რომლის მაჩვენებელი ცვალებადია კლიმატური ზონების მიხედვით. პირებს, რომლებსაც დიდი დროის გატარება უწევთ ნესტიან გარემოში, უვითარდებათ რესპირატორული სიმპტომები, სასუნთქი გზების ინფექციები, ასთმა.

ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელია ჯანმოს რეკომენდაციით  შენობებისა და ინტერიერის ნესტის წარმოქმნის პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალი მოსახლეობისთვის (ასთმით, ალერგიითა და  სხვა რესპირატორული პათოლოგიებით დაავადებული პირები) სასუნთქი გზის პათოლოგიის  ხშირი გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

ამიტომ რეკომენდებულია, განსაკუთრებით ნესტიან კლიმატურ ზონებში მცხოვრებთათვის,  გაზაფხულზე, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ფთიზიატრიულ კურორტებზე გამგზავრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ფილტვების ტუბერკულოზი, პლევრიტები, ბრონქული ასთმა თუ ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს.

აუცილებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რაც მოიცავს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიგარეტის აკრძალვას. სიგარეტის კვამლის შესუნთქვისავიდან აცილებას, იმუნურ გაძლიერებას. აუცილებელია გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები, რადგან  ქრონიკული ბრონქიტი ხშირად არა, მაგრამ იშვიათად შეიძლება გართულდეს ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. სწორედ ბრონქიტით მოავადე პირებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკურორტო თერაპია, რაც პულმონური თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტია.

საპრევენციო რეკომენდაციები Mayoclinic-ისგან:

  • მოერიდეთ ფილტვების გამაღიზიანებლებს. არ მოწიოთ. ატარეთ პირბადე, როდესაც ჰაერი დაბინძურებულია, ან თუ გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ხართ, მაგალითად, საღებავების ან საყოფაცხოვრებო ქიმიის.
  • გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა. თბილი, ტენიანი ჰაერი ხელს უწყობს ხველას და ხსნის ლორწოს თქვენს სასუნთქ გზებში. ოღონდ აუცილებლად გაწმინდეთ მოწყობილობა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოთ წყლის ჭურჭელში ბაქტერიებისა და სოკოების ზრდა.
  • ატარეთ პირბადე გარეთ. თუ ცივი ჰაერი ამძიმებს თქვენს ხველას და იწვევს სუნთქვის გაძნელებას, გარეთ გასვლამდე გაიკეთეთ ცივი ჰაერის პირბადე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.