მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

18.05.2021
ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია.

სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, რომლებიც  კვირაში არანაკლებ 55 საათს მუშაობდნენ, მათგან 398 000 – ინსულტით  და 347 000 – გულის დაავადებებით.

2000-დან 2016 წლამდე პერიოდში ხანგრძლივ სამუშაო საათებთან დაკავშირებული გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი 42%-ით, ინსულტით კი 19%-ით გაიზარდა.

სამსახურთან დაკავშირებული ავადმყოფობის ეს ტვირთი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში (მათზე სიკვდილიანობის 72% მოდის), დასავლეთ წყნარი ოკეანის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებში, ასევე შუახნისა და ხანდაზმულ მუშაკებში.

გარდაცვალების უმეტესობა დაფიქსირდა 60-79 წლის ასაკში იმ ადამიანებში, რომლებიც 45-დან 74 წლამდე ასაკში 55 საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ კვირაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე მოდის მუშაობასთან დაკავშირებულ დაავადებათა მთლიანი ტვირთის დაახლოებით ერთი მესამედი. ეს ფაქტორი აღიარებულია, როგორც პროფესიული დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორი.

გამოკვლევაში კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობისას [კვირაში 35-40-საათიან მუშაობასთან შედარებით] ინსულტის რისკი იზრდება დაახლოებით 35%-ით, ხოლო გულის იშემიური დაავადებების რისკი  – 17%-ით.

ჯანმო იუწყება, რომ ზეგანაკვეთურად მომუშავე ადამიანთა რიცხვი ზრდადია და ამ დროისთვის მსოფლიოში საერთო მოსახლეობის 9%-ს შეადგენს. ასეთი ტენდენციით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება შრომისუნარიანობის დაკარგვისა და ნაადრევი გარდაცვალების რისკის ქვეშ.

„კოვიდპანდემიამ არსებითად შეცვალა ის, თუ როგორ მუშაობს ბევრი ადამიანი. გახანგრძლივებული სამუშაო დრო ბევრ სექტორში გახდა ნორმა და ხშირ შემთხვევაში შლის საზღვრებს სახლსა და სამსახურს შორის.

გარდა ამისა, ბევრ დაწესებულებას მოუწია დროებით მუშაობის შეჩერება ან საერთოდაც დახურვა ფულის ეკონომიის მიზნით, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ ხელფასს, საბოლოო ჯამში უწევთ უფრო ხანგრძლივად მუშაობა. არანაირი სამუშაო არ ღირს ინსულტისა და ინფარქტის რისკად. სახელმწიფომ, დამსაქმებლებმა და მშრომელებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, შეათანხმონ გარკვეული შეზღუდვები, რათა დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა,“ – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა.

საქართველოს შრომითი კოდექსით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს. კანონმდებლობით ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, თუმცა კერძო სექტორში  ზეგანაკვეთური სამუშაო ხშირად არ ნაზღაურდება.

ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ და აღასრულონ კანონები, რეგულაციები და წესები, რომლებიც კრძალავენ სავალდებულო ზეგანაკვეთურ სამუშაოებს და დააწესებენ მაქსიმალური სამუშაო საათების ლიმიტს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: