მთავარი,სიახლეები

1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა

07.09.2020
1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დასახმარებლად 1 წლის წინ შეიქმნა. ფონდი ფემინა კი სულ 2 თვეა რაც არსებობს. მოხალისეები ყოველთვიურად რიცხავენ სიმბოლურ 1 ლარს, რითაც ,,ფემინა“ შეჭირვებულ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

„ორგანიზაცია მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი ფსიქოლოგები და იურისტები სრულიად უსასყიდლოდ უწევენ კონსულტაციას ქალებს. მათ უნდათ რაღაც გააკეთონ ქალებისთვის და ჩვენ მათ ვაძლევთ ამის საშუალებას.

თავდაპირველად ვუწევდით იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდებოდა, თუმცა ქალები ხშირად გვეკითხებოდნენ, გვქონდა თუ არა სოციალური სერვისებიც. ჩვენივე სახსრებით და სოცქსელებში დაანონსებული აქციებით ვაგროვებდით სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებისთვის ბინის ქირის, მედიკამენტების, საკვების თანხას. მერე ფონდის იდეა მოგვივიდა და ორ თვეში უკვე 8 ქალს დავეხმარეთ. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი გაიცა ჯანმრთელობის, მათ შორის რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, მედიკამენტებისთვის, ბინის ქირის თანხაც შეგროვდა 2 ქალისთვის. სამომავლოდ ვაპირებთ ქალთა განათლების ხელშეწყობისკენაც მივმართოთ ფინანსური სახსრები და იმ სტუდენტ გოგოებს, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა, სწავლის საფასურის 30, 40%-იანი თანადაფინანსებით მაინც დავეხმაროთ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინას“ დამფუძნებელი ნინო ბაისონაშვილი.

დახმარებისთვის ქალები „ფემინას“ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მიმართავენ, შემდეგ კი მათ საჭიროების მიხედვით აკავშირებენ ფსიქოლოგებსა და იურისტებთან.

„თუ ქალებს ერთმანეთის მიმართ ემპათია არ გვექნება, ძალიან გაგვიჭირდება აღმოვფხვრათ სხვადასხვა ფორმით ღია თუ დაფარული ძალადობა ქალების მიმართ. ჩვენ არ ვაგროვებთ მხოლოდ ფულს. ჩვენ ვაგროვებთ და გავცემთ ფულის საშუალებით თანადგომას, ემპათიას, სოლიდარობას და ვაძლიერებთ, ვაფართოებთ ქალ დონორთა წრეს. ეს ნიშნავს, რომ დღეს შენ გეხმარებიან, ხვალ კი შენ უნდა დაეხმარო. ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა იმ საზოგადოებაში, სადაც ქალების მიმართ ემპათია ძალიან დაბალია“, – ამბობს ნინო ბაისონაშვილი.

„ფონდი „ფემინა“ ფულს არ გასცემს ხელზე, ის თავად აფინანსებს ბენეფიციართა საჭიროებებს აპლიკანტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საგულდაგულოდ გადამოწმების შემდეგ.

ფონდის საქმიანობა ღია და საჯაროა, პროცესი კი – სრულიად გამჭვირვალე“, – წერია ფონდის საქმიანობის აღწერაში.

ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დახმარების მსურველები ფონდ ფემინას ანგარიშზე:  GE32TB7664836020100005  ყოველთვიურად ავტომატურად რიცხავენ 1 ლარს, ან სურვილისამებრ ნებისმიერი ოდენობის თანხას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: