მთავარი,სიახლეები

ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

27.07.2020
ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ხვამლის ციხე-ქვაბულს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ძეგლის კატეგორია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა.

„ძეგლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ – „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი.

ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივია ლეჩხუმის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი [შესასვლელი წიფლის ფუღუროდან] და ყინულოვანი მღვიმე ბოგა.

10 კილომეტრი სიგრძისა და 7 კილომეტრი სიგანის ხვამლის მთა ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს.

მოგზაურობა ხვამლის მთაზე

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა ასევე ძეგლებს:

[checklist]

  • დიდნაურის ნაქალაქარს, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარეობს;
  • წედისის ციხის კომპლექსს (ციხე-გალავანი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილოეთით.

[/checklist]

___________________________

მთავარი ფოტო: ხვამლის მთა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: