მთავარი,სიახლეები

„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

24.04.2020
„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ავტომანქანების გადაადგილების საშვებზეც ჰკითხეს.

სასულიერო პირების ავტომანქანით გადაადგილებას საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული წესები არ ითვალისწინებდა, თუმცა საპატრიარქომ 17 აპრილს, აღდგომამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილება არ ეკრძალებათ.

პრემიერმა თქვა, რომ აკრძალვის პირობებში, ქუჩაში ბევრი ავტომობილის გადაადგილების ნახვისას უსამართლობის განცდა ჰქონდა მასაც.

„ის სურათი, რომელიც, მაგალითად, აღდგომის შემდეგ იყო თბილისში, მეც ვიყავი გაღიზიანებული და მქონდა უდიდესი უსამართლობის განცდა, როცა ქუჩაში ვხედავდი მანქანებს და ხუთი, ექვსი მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი, ყველას საშვი ჰქონდა… მესმის, რომ იდეალური არაფერია, ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“, – თქვა პრემიერმა.

პრემიერს კითხვის პასუხად არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ აღდგომის დღეს მისცეს სასულიერო პირებს ეს ნებართვა თუ არა, ან რა სამართლებრივი ფორმით გასცა ეს ნებართვა მთავრობამ სასულიერო პირების საშვებზე, როცა ამის შესახებ დოკუმენტში აღნიშნული არ ყოფილა.

ამ კუთხით საუბრის ნაცვლად, პრემიერმა არჩია ჟურნალისტებისთვის შეეხსენებია, რომ მედიის წარმომადგენლების გადაადგილებისთვის „ასობით კი არა, ათასობით საშვია გაცემული“.

პრემიერმა აქვე განმარტა, რომ ავტომანქანებით მოძრაობის შეზღუდვა ამ კვირაშიც გამოწვეული იყო აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ეპიდემიოლოგიური აფეთქების რისკის თავიდან აცილებით.

„ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მობილობა შეგვემცირებია, ეს არ იყო ჩვენი ახირება. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ რისკის შემცველი იყო შეკრება, ეპიდემიოლოიგური აფეთქების რისკი რომ შეგვემცირებია და ეს აფეთქება რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ ეს,“ – დასძინა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

____________________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: