მთავარი,სიახლეები

10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 15 ათასი ლარით დააჯარიმეს „ახალი ლიდერების ინიციატივა“

26.03.2020
10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 15 ათასი ლარით დააჯარიმეს „ახალი ლიდერების ინიციატივა“

შსს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ“ დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია, მაშინ, როცა საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, ზუგდიდში პირბადეების დარიგებით გამოწვეული თავყრილობისთვის ბოდიში მოიხადა. პოლიტიკოსის თქმით, მათ ვერ გათვალეს, რომ დიდი რაოდენობით ხალხი მივიდოდა, რამაც გამოიწვია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო დისტანციების დარღვევა.

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იზოლაციისა და კარანტინის წესები დამტკიცდა, რომელიც 2020 წლის 25 მარტიდან შევიდა ძალაში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/263512/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: