განათლება,მთავარი,სიახლეები

მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში

29.11.2018
მდებარეობს თუ არა ენგურჰესი სვანეთში? – შეცდომა გრიფირებულ სახელმძღვანელოში

ახალი სახელმძღვანელო – „ჩემი საქართველო“, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც სკოლაში შევიდა, უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ერთ-ერთი საგაკვეთილო მასალის ფოტოები, სადაც წერია, რომ „სვანეთში ბევრი ხეობა და მდინარეა. საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი, სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს“.

„ასე ასწავლიან საქართველოს ისტორიას?“ – წერენ სოციალურ ქსელში. კომენტარების ავტორების აზრით, სახელმძღვანელოში ფაქტები და დეტალები ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული, რომ მოსწავლეები შეცდომაში არ შევიდნენ.

„ბათუმელები“ წიგნის ავტორებსაც დაუკავშირდა. ერთ-ერთი ავტორი ნოდარ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოს ეს ნაწილი მისი დაწერილი არ არის.

„მდინარე ენგური ვის ეკუთვნის, სვანეთს თუ აფხაზეთს? მდინარე მოდის სვანეთიდან და აბა, რა დაგვეწერა. აქ მთავარი ყურადღება მიექცა მდინარეს და არა მის მდებარეობას. მაშინ უნდა ვთქვათ, მდებარეობს წალენჯიხისა და აფხაზეთის საზღვარზე და ეს საზღვარი ვინ გაატარა, როდის გაატარა, მე ამაში დიდ საპოლემიკო მასალას ვერ ვხედავ“, – ამბობს ელიზბარაშვილი.

თუმცა დასძენს, რომ მან სახელმძღვანელოს გეოგრაფიულ ნაწილზე იმუშავა, ისტორიულ ნაწილზე კი – როლანდ თოფჩიშვილმა.

„ბათუმელები“ როლანდ თოფჩიშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც აღიარებს, რომ სახელმძღვანელოში ნამდვილად არის შეცდომა და ხელმეორედ დაბეჭდვის დროს ამ შეცდომას გამოასწორებენ.

„მართალია, შეცდომაა გაპარული. 50 ექსპერტის ხელში გაიარა წიგნმა, მაგრამ გეთანხმებით, ნამდვილად შეცდომაა. სვანეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს კაშხალი, ენგურჰესი მდებარეობს სამეგრელოს ტერიტორიაზე. კარგია, რომ აქვთ შენიშვნები, თუკი იქნება სხვა შეცდომებიც, შემდეგ გამოცემაში გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ“, – ამბობს როლანდ თოფჩიშვილი.

ავტორების თქმით, მასალის ამ ნაწილზე გრიფირების ჯგუფს კითხვები არ გასჩენია.

მიმდინარე წლის აგვისტოში, განათლების სამინისტრომ, როცა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, განაცხადა, რომ „რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები“. მათ შორის საუბარი იყო „მე და საზოგადოებსა“ და „ჩვენი საქართველო“-ზე.

მაშინ სამინისტროში ამბობდა, რომ ეს სახელმძღვანელოები განსაკუთრებულად ხარისხიანი უნდა ყოფილიყო, „ამიტომ მათზე მუშაობა გრძელდებოდა“.

„ჩვენი საქართველო“ სკოლებში სულ რამდენიმე დღეა, რაც შევიდა.

ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო სკოლებისთვის

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: