მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

05.09.2018
აჭარის მთავრობამ კონკურსით სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე ისევ ძველი კადრები შეარჩია

აჭარის დასაქმების სააგენტოს თეიმურაზ კახიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ კახიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თორნიკე რიჟვაძემ 3 სექტემბერს მოაწერა ხელი.

თეიმურაზ კახიძე 2015 წლიდან დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპ-ის დირექტორის შესარჩევად კონკურსი 11 აგვისტოს გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, კონკურსი დასრულებულია ექვსივე ვაკანსიაზე და ამ დროისთვის თორნიკე რიჟვაძეს მხოლოდ ბათუმის ბულვარის დირექტორის დანიშვნაზე არ აქვს ხელი მოწერილი. ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობამ ირაკლი ჯინჭარაძე შეარჩია, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილე იყო.

კონკურსის მიუხედავად აჭარის მთავრობას სააგენტოების ხელმძღვანელად ახალი კადრები არ შეურჩევია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილია, რომელიც ამ დრომდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, სატყეო რესურსების სააგენტოს კი წინა დირექტორი – თემურ ყურშუბაძე უხელმძღვანელებს.

პოზიციას შეინარჩუნებს რამაზ სურმანიძეც – იგი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ლაბორატორიის დირექტორად გასულ წლებშიც მუშაობდა.

შერჩეულია კიდევ ერთი სსიპ-ის ხელმძღვანელი: ტექნიკურ და სამშენებლო ლაბორატორიას ირაკლი ლოჩოშვილი უხელმძღვანელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: