მთავარი,სიახლეები

„ჯელალ ქიქავას ცემის საქმეზე“ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

24.08.2018
„ჯელალ ქიქავას ცემის საქმეზე“ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

„სად მოდიოდა, ნეტა, სასამართლოში თუ ზღვაზე,“ – ეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მას შემდეგ ჩაილაპარაკა, როცა „ჯელალ ქიქავას ცემის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე დაუშვებლობის მიზეზი მოისმინა – ბრალდებული მირზა ვანაძე პროცესზე დასასწრებად შორტებით მივიდა. ის მანდატურებმა  სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

ამ საქმეზე სამი მოჭიდავეა ბრალდებული, თუმცა დღეს პროცესს მხოლო ერთი – ზურაბ კეკელიძე ესწრებოდა. სასამართლო პროცესს არც ტარიელ კეკელიძე ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, იგი უკრაინაში იმყოფება სპორტულ შეჯიბრებაზე.

„ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი ორი მეგობრის ცემას გამოძიება სამ მოჭიდავეს ედავება.

შემთხვევა 24 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ჯელალ ქიქავას თქმით, მას პარლამენტის წევრის – მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რადგან ქიქავამ ვახტანგაძე არაერთხელ მოიხსენია „ზონდერად“.

სამივე მოჭიდავე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ისინი ბრალს აღიარებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

„ამისთვის აუცილებელია დაზარალებულების თანხმობა. ერთ-ერთი დაზარალებული თანხმობაზე უარს აცხადებს, რის გამოც საპროცესო შეთანხმება ვერ შედგება,“ – თქვა პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი ჯელალ ქიქავაა. ის და სხვა დაზარალებულები სასამართლო პროცესს არ ესწრებიან.

მოჭიდავეებმა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ამ საქმეზე დაზარალებულებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებს ვეღარ მოისმენს.

ადვოკატის მოთხოვნით საპროცესო შეთანხმების მისაღწევად სასამართლო პროცესი ორი თვით გადაიდო. თუ ჯელალ ქიქავა ამ პერიოდში თანხმობას ისევ არ განაცხადებს,  მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მე არ მეპარება ეჭვი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება,“ – დასძინა პროკურორმა პროცესის დასრულებამდე.

ადვოკატი რამაზ ჯორბენაძე კი ფიქრობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც, მოჭიდავეებს პირობით მსჯავრს შეუფარდებენ და მათ ციხეში ყოფნა მაინც არ მოუწევთ.

სასამართლოს წინა პროცესზე მოჭიდავეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ჯელალ ქიქავას განცხადებები მოჭიდავეების შესახებ.

„პანაშვიდზე ვნახეთ ჯელალ ქიქავა. ვკითხე, რას გვერჩი-მეთქი. აგდებულად გვიპასუხა. შევლაპარაკდით და შემდეგ მოხდა ეს,“ – გვითხრა ბრალდებულმა ზურაბ კეკელიძემ.

მოჭიდავეების მტკიცებით, ამ საქმეში სპორტსმენი და პარლამენტის წევრი – მუხრან ვახტანგაძე არაფერ შუაშია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: