მთავარი,სიახლეები

„წყლის მაგივრად ალკოჰოლს სვამენ“ – მითები თურქეთში საქართველოზე

12.06.2018
„წყლის მაგივრად ალკოჰოლს სვამენ“ – მითები თურქეთში საქართველოზე

საქართველოში მეზობელი თურქეთის შესახებ არაერთი მითია გავრცელებული. მაგალითად, ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ თურქეთში ყველა ქალი თავსაფრით დადის და რომ მრავალცოლიანობა მიღებული ნორმაა. სინამდვილეში თურქეთში ქალებს თავსაფრითაც შეხვდებით და უთავსაფროდაც, რაც შეეხება მრავალცოლიანობას, დღეს არსებული კანონმდებლობით პოლიგინია აკრძალულია.

კიდევ ერთი მითის მიხედვით, თურქეთს ბათუმისა და აჭარის ხელში ჩაგდება სურს. რეალურად თურქეთი ერთადერთი მეზობელი სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ საზღვრების დემარკაცია  მოახდინა. ამავდროულად თურქეთი არის რეგიონის ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია.

საქართველოს მსგავსად, თურქეთში მცხოვრებ ადამიანებსაც აქვთ გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენები საქართველოზე.

„10 მითი საქართველოს შესახებ თურქეთში“, – ამ სახელწოდების საინფორმაციო კლიპი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა მოამზადა. კლიპი ორენოვანია.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/814049805461415/

გთავაზობთ რამდენიმე მითს, რომელიც მათ მიერ მომზადებულ ვიდეოშია ჩამოთვლილი.

მითი #1

თურქეთში მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობით მხოლოდ ბათუმში გადაადგილებაა შესაძლებელი. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ვიზა და პასპორტი სჭირდებათ.

სინამდვილეში ეს ასე არაა და თურქეთის მოქალაქეებს 90 დღე შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა თუ გადაადგილება.

საინფორმაციო კლიპის მიხედვით, მეზობლები ასევე ფიქრობენ, რომ საქართველოდან თურქეთში მოქალაქეები მხოლოდ სამუშაოდ მიდიან.

მითი #2

თურქეთში ფიქრობენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არსებობს.

ვიდეოში, რომელიც თურქულ და ქართულ ენაზეა მომზადებული, ახსნილია, რომ ქართული მემკვიდრეობის ძეგლები – იშხნის ეკლესია, ოშკის მონასტერი, Tekkale Kilisesi, დოლისყანის ეკლესია, ტბეთის ეკლესია, შავშეთის ციხე, ერზრუმისა და ართვინის რეგიონებში მდებარეობს.

მითი #3

თურქეთში ფიქრობენ, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად თურქია.

ვიდეოში ახსნილია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 86% ეთნიკურად ქართველია.

მითი #4

საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, განსაკუთრებით მუსლიმებს დევნიან.

ვიდეოში მითის გასაქარწყლებლად ნათქვამია, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ისტორიის განმავლობაში და დღესაც თავისუფლად ცხოვრობენ და ლოცულობენ. მაგალითად კი მოყვანილია  თბილისის მეჩეთი, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ.

სხვა მითები

თურქეთში ქართველების შესახებ გავრცელებული მითებიდან ერთ-ერთია მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ალკოჰოლს წყლის მაგივრად სვამენ. კიდევ ერთი მითის მიხედვით კი, ყველა ქართული კერძი ღორის ხორცს შეიცავს. ვიდეოში ახსნილია, რომ ეს ასე არაა და რომ ქართული კერძების უმრავლესობა მცენარეულია, ღორის ხორცი კი იშვიათად გამოიყენება.

თურქეთში საქართველოს შესახებ გავრცელებული მითები სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარმა სოფო წკრიალაშვილმა შეკრიბა. მან მაგისტრატურა თურქეთში დაამთავრა, 2016 წელს პროგრამა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ფარგლებში“ თურქეთის სახელმწიფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად იქნა არჩეული.

ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც მითებზე მოამზადეს, დიდი ხნის დაკვირვების შედეგი იყო.

„თურქეთში დავამთავრე მაგისტრატურა. მქონდა მჭიდრო შეხება ხალხთან და ვიცი მათი შეხედულებები საქართველოს შესახებ. ასევე ვიცი, რა შეხედულება აქვთ საქართველოში თურქეთის შესახებ.

რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაცია გავლენას ახდენს განწყობებზე და ნეგატიურად აისახება ურთიერთობებზე. სწორედ ამ განწყობების შეცვლას ემსახურება ეს ვიდეო. ვფიქრობ, საკმაოდ დროულია და საჭირო, რომ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს ხალხს. სოციალური ქსელი ავირჩიეთ გავრცელების ფორმად, რადგან გვინდა ახალგაზრდებამდე მივიდეს ეს ვიდეო,“ – ამბობს სოფო წკრიალაშვილი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ასევე მოამზადა ვიდეო მითებზე, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული თურქეთის შესახებ.

https://www.facebook.com/tikatiflis/videos/2021585404782676/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.