განათლება,მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ

15.05.2018
განათლების სამინისტროში სკოლებსა და მშობლებს შორის კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი არ აქვთ

როცა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა  სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე.

მინისტრმა თქვა, რომ ფსიქოლოგებთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში ფლაერების სახით დაარიგეს. პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ ფლაერებში მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის.

„ბათუმელებმა“  სამინისტროდან მოითხოვა სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელი კონტრაქტის სამუშაო დოკუმენტი, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ  სამუშაო დოკუმენტი ჯერ არ აქვთ. „ჯერ სამუშაო დოკუმენტის შექმნა მიმდინარეობს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, შემუშავების შემდეგ სამუშაო დოკუმენტი გარკვეული კატეგორიის სკოლებს (სოფლის, ქალაქის, დაბის) მიეწოდება განსახილველად.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მხოლოდ „გარკვეულ კატეგორიას“ და არა ყველას? სამინისტროში გვითხრეს, რომ სამუშაო დოკუმენტს ჯერ მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიაწვდიან, შემდეგ კი – ყველას.

„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის განხილვაში სკოლებთან ერთად ჩართული იქნებიან მოსწავლეთა მშობლები და განხილული იქნება ყველა ის კომენტარი და შენიშვნა, რომლებიც მათი მხრიდან იქნება დაფიქსირებული“, – ამბობენ სამინისტროში.

სამინისტროს განმარტებით, როცა დოკუმენტი სკოლებს მიეწოდება, განხილვისა და სხვადასხვა პროცედურის დასრულების შემდეგ შემუშავებული იქნება ხელშეკრულების საბოლოო ვერსია და ახალი სასწავლო წლიდან  სკოლასა და მშობელს შორის კონტრაქტი გაფორმდება.

სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ კონტრაქტის მეშვეობით გაიზრდება სკოლაში მშობელთა ჩართულობა  და მათი პასუხისმგებლობა, რაც „ავტომატურად სწავლის ხარისხისა და სკოლაში წესრიგის ამაღლებას შეუწყობს ხელს“.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონტრაქტი ითვალისწინებს სკოლასა და მშობელს შორის უფლებებისა და მოვალეობების გაწერას. სამინისტროში ამ დროისთვის არც ამ უფლება-მოვალეობების შესახებ დოკუმენტი არ დევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: