მთიანი აჭარა

ორი ოჯახი ავარიულ სახლში

22.03.2014
ორი ოჯახი ავარიულ სახლში

 

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამ სახლში ექვსი ოჯახი ცხოვრობდა, ხელისუფლებამ  ექვსი ოჯახიდან საცხოვრებელი ფართობით ხუთი მათგანი დააკმაყოფილა და ბინა ეკომიგრანტთა სახლში გადასცა. ბინა არ გადასცეს ირაკლი დიასამიძის ოჯახს. ირაკლი დიასამიძე ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში შვიდი წელია ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, ყველასთვის ცნობილია მისი სოციალური მდგომარეობა და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

 

„ყველამ იცის წასასვლელი არ გამაჩნია, ხელისუფლებისგან ველოდებით დახმარებას,” – ამბობს ირაკლი.

 

დიასამიძეების გარდა ავარიულ სახლში ერთი წელია მარტოხელა დედა, მადონა ჯაყელიც ცხოვრობს. მადონა ამბობს, რომ ავარიულ სახლში ის შვილთან ერთად ყოფილმა გამგებელმა, თამაზ დიასამიძემ შეასახლა.

 

„საცხოვრებელი არ გამაჩნდა, ყოფილმა გამგებელმა მითხრა, დროებით აქ იყავი, შემდეგ კი ბინას ეკომიგრანტთა სახლში გადმოგცემო. გამგებელი შეიცვალა და დავრჩი ასე. არ ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება –  60 ლარია, ადრე 108 ლარს ვიღებდი, წელს ჩემი შვილი, ნათია, (სურმანიძე) სტუდენტი გახდა, პირველი კურსის სტუდენტია და ბათუმში ჩემს ძმასთან რჩება, რადგან აქ არ ცხოვრობს, მისი დახმარება მომიხსნეს და მხოლოდ მე დამიტოვეს დახმარება. მეც მიკვირს 60 ლარს როგორ ვანაწილებ, ფქვილს იყიდი, პურს გამოაცხობ და ჭამ, სხვა რა უნდა იყიდო?! გაწამებული ვარ, ვინც მიცნობს, იცის ჩემი გასაჭირი, მაგრამ სხვა ამ გასაჭირს ვერ მიხვდება. დღეს ყველას უჭირს, ვის აქვს, რომ დაგეხმაროს, ან ყოველთვის როგორ დაგეხმარება სხვა, ყველას მისი ოჯახი აქვს“, –  ამბობს მადონა.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ირაკლი დიასამიძის ოჯახისთვის ბინის გადაცემის საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. მისივე თქმით, სოციალური სახლი მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის არის განკუთვნილი, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახები აღნიშნულ სახლში ბინით ვერ დაკმაყოფილდებიან:

 

„მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა ოჯახის მონაცემები აჭარის სამთავრობო კომისიას განსახილველად გადავუგზავნეთ, მათგან ერთ-ერთი ირაკლი დიასამიძის ოჯახია. ადრე რატომ არ გადაეცა ამ ოჯახს ბინა, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე ეკომიგრანტთა სახლში 16 ბინა თავისუფალია, თუმცა გაცილებით მეტი ეკომიგრანტი გვყავს, დიდთოვლობამ და მეწყრულმა მოვლენებმა ეკომიგრანტების რაოდენობა გაზარდა. გარდა ეკომიგრანტებისა, მარტოხელა და უსახლკარო ოჯახებიც ბევრია“.

 

ტარიელ ებრალიძე ეხმაურება მადონა ჯაყელის თხოვნასაც: „ეს ქალბატონი თვითნებურად შეიჭრა ეკომიგრანტთა სახლში, საიდანაც გამოასახლეს და ახლა „კოლმშენის~ სახლში ცხოვრობს. შეიძლება იმავე სახლში ერთი თვის შემდეგ ვინმე შევიდეს და მერე ბინა მოითხოვოს. ასე არ შეიძლება – ეკომიგრანტთა სახლში ბინები მარტოხელებისა და უსახლკაროებისთვის არ არის გათვალისწინებული. ამის მიუხედავად, ამ ქალს მცირე ფართობი უნდა გამოვუნახოთ, ღია ცის ქვეშ ვერ დავტოვებთ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: