მთავარი,სიახლეები

საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს

10.04.2018
საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს

ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად თანხას გუნდს ქედის მერია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბზის განახლებისთვის გამოუყოფს.

2016 წელს „ბეთლემმა“ ქედის მერიისგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 349 916 ლარი მიიღო, 2017 წელს – 45 000 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში მერიას 40 000 ლარი აქვს გაწერილი. ამ თანხით მერია საფეხბურთო კლუბისთვის ავტომობილის შეძენას გეგმავს.

ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ არსებული შემადგენლობით საფეხბურთო კლუბს ტექნიკური ბაზის განახლებისთვის სამომავლოდ თანხას აღარ  გამოუყოფს და განმარტავს, რომ მერია ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერებას გეგმავს.

„უკეთესია  ახალგაზრდებთან ვიმუშაოთ და ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც იმ ლიგაში ითამაშებს, რა შესაძლებლობაც ექნება და თანხა, რასაც საფეხბურთო კლუბს დამატებით გამოვუყოფთ, ახალგაზრდული გუნდის დაფინანსებისთვის გამოვიყენოთ, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდების ჩართულობა სპორტის ამ სახეობაში და ადგილზე გავზარდოთ ჩვენი ფეხბურთელები. ვცდილობთ, პროგრამულად დავაფინანსოთ ახალგაზრდული ფეხბურთი,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

 

ქედის „ბეთლემის“ დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ამ ეტაპზე 27 წევრითაა წარმოდგენილი, აქედან 20 ფეხბურთელია, დანარჩენი -ადმინისტრაციის თანამშრომელი.

„წელს ახალი გუნდი ჩამოვაყალიბეთ, მოწვეული ფეხბურთელები აღარ გვყავს გუნდში, თითქმის ყველა ადგილობრივია, ათი ქედელი ფეხბურთელი თამაშობს, დანარჩენი ბათუმელია,“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე.

„ბეთლემის“ მთავარი მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილია. იგი 2018 წლის იანვარში დაინიშნა, როდესაც ახალი გუნდის ფორმირება დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაცია  „ბეთლემს“, როგორც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდს, ხელფასებისთვის წლის განმავლობაში 100 000 ლარით აფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: