სიახლეები

ყაჩაღობაში ბრალდებულები

24.07.2015
ყაჩაღობაში ბრალდებულები

 

30 წლის თორნიკეს, 22 წლის ილიას და 25 წლის მამუკას [სახელები შეცვლილია] ბრალად ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ. ბრალდების მტკიცებით, გასული წლის აპრილში, ღამით, დაახლოებით 22:30 საათზე ისინი თავს დაესხნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს. თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები. დაზარალებულებს თავდამსხმელებმა დაშინების გზით წაართვეს 1600 ჩინური იენი, 200 ამერიკული დოლარი, 300 ლარი, მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

პროკურორმა დავით კირჩხელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულებს მწებავი ლენტით შეუკრეს ხელები და აუხვიეს თვალები… ამის მიუხედავად, ადვოკატებმა მოსამართლეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მოსამართლემ თქვა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგ სასამართლო პროცესზე მიიღებს, რომელიც 4 აგვისტოს გაიმართება.

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას. `ბათუმელების~ ინფორმაციით კი, რომელიც საქმეში არსებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მწებავ ლენტზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები ემთხვევა ერთ-ერთი ბრალდებულის თითის ანაბეჭდს. ექსპერტიზა ჯერ კიდევ ბრალდებულების დაკავებამდე ჩატარდა.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.