მთავარი,სიახლეები

დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს

27.12.2017
დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ქობულეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირების რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ნახავთ. ფოტოები გუშინ, 26 დეკემბერს, რესტორან „მეგრულ-ლაზურშია“ გადაღებული. რესტორანში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მჭედლიშვილს „მადლიერების საღამო“ გაუმართეს.

დავით მჭედლიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე, 22 წლის განმავლობაში, იგი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღას“ დირექტორი იყო. „მადლიერების საღამო“ მას კოლეჯის თანამშრომლებმა მოუწყვეს, თუმცა ქობულეთის კულტურის სახლის შენობის გამოყენებაში თანხა არავის გადაუხდია. კოლეჯი საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარება.

ქობულეთის კულტურის სახლი ქობულეთის მერიას ეკუთვნის. ასევე ქობულეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება ანსამბლი „ქობულეთი“, რომელმაც საკრებულს თავმჯდომარეს წუხელ უფასოდ უმღერა. კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კახა ბოლქვაძე ამბობს, რომ მომღერლებმა უფასოდ „საკუთარი სურვილით იმღერეს“.

„რაც შეეხება დარბაზს, ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობაზე ქობულეთის მერიასთან. ღონისძიებების მენეჯმენტის სპეციალობისთვის ვსარგებლობთ ქობულეთის კულტურის სახლით. შესაბამისად, ამ მემორანდუმის საფუძველზე ორი საათით გამოვიყენეთ კულტურის სახლის დარბაზი,“ – განმარტა კახა ბოლქვაძემ.

კულტურის სახლში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა რესტორან „მეგრულ-ლაზურში“ გადაინაცვლეს. კოლეჯ „ახალი ტალღის“ ხელმძღვანელის, კახა ბოლქვაძის თქმით, რესტორანში გადასახდელი თანხა კოლეჯის თანამშრომლებმა შეაგროვეს და დავით მჭედლიშვილთან ერთად სხვა თანამდებობის პირებიც თვითონ დაპატიჟეს.

„მადლიერების საღამოს“ ვახშამს ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი – მირიან ქათამაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრები.

რა დაჯდა „მადლიერების საღამო“ რესტორან „მეგრულ-ლაზურში“? – თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა კახა ბოლქვაძემ იმ მოტივით, რომ „ამის დასახელება უხერხულია“.

„მადლიერების საღამოს“ შესახებ ინფორმაცია ქობულეთის მერის – მირიან ქათამაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეც გავრცელდა:

„ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ ყოფილი დირექტორის, დავით მჭედლიშვილის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოს დაესწრო. ქობულეთის მერმა კოლეჯის ყოფილ დირექტორს და ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს თავის გამოსვლაში გაბედული ადამიანი უწოდა. „დავით მჭედლიშვილი არის გაბედული ადამიანი გაბედული იდეებით, რომელთან ერთადაც ჩვენი თანამოქალაქეების უკეთეს მომავალზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია. მიზანია, რომ 2018 წლიდან ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ერთმანეთის გვერდში დგომით დიდ წარმატებად ვაქცევთ“.

საღამოზე სტუმრებმა დავით მჭედლიშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს მისი „ფასდაუდებელი როლი საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ განვითარებაში… საღამო შემოქმედებითად კულტურის ცენტრთან არსებულმა ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ და N1 საჯარო სკოლის პედკოლექტივმა გაამრავალფეროვნეს…“

„მადლიერების საღამო“ ქობულეთში / 27.12.2017/ ფოტოები ქობულეთის საკრებულოს ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: