- რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს მეწარმე სუბიექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ?
პასუხი: – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
- ვინ იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე?
პასუხი: – ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, იმისათვის რომ მოხდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდვიმად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება?
პასუხი: – ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
- რა სოციალური შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირი, ბავშვის დაბადების შემთხვევაში?
პასუხი: – 2016 წლის 01 იანვრის შემდგომ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში მიიღებს ყოველთვიურ ფულად დახმარებას – არანაკლებ 100 ლარის –ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის – ოდენობის ფულად დახმარებას.
- სარგებლობენ თუ არა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული შეღავათებით?
პასუხი: – კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დახმარებით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.