კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ყველაზე „ლამაზი ბავშვი“

10.01.2018 • 5582
ყველაზე „ლამაზი ბავშვი“

რეკლამები, ფილმები, მოდის სამყაროსა და პოპკულტურის გაძეგლებული სახეები სილამაზის მზა კრიტერიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც უამრავი ადამიანისთვის საოცნებო და მისაბაძი მოდელია. დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი ასლის დამზადება საკუთარი თავისგან მიმზიდველი ცდუნებაა. მოდამ, კულტურამ, გარემომ იცის როგორი უნდა იყოს შენი იდეალური გარეგნობა. შენ მხოლოდ მიმსგავსება გევალება.

სილამაზის თავსმოხვეული კრიტერიუმებისგან გათავისუფლება ზრდასრულებისთვისაც კი პრობლემაა. შეფასებითი კოდური სიტყვები: „კარგი“, „ცუდი“, „ლამაზი“, „უშნო“ ბავშვობიდანვე იწყებს მოქმედებას და მოზარდები პატარა ასაკიდანვე ხდებიან სუბიექტური შეფასებების მსხვერპლი, სკოლის, მშობლებისა და სამოდელო სააგენტოების გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ძალისხმევით.

საქართველოს სკოლებში პერიოდულად შედის სხვადასხვა სააგენტო სილამაზის კონკურსების ჩატარების ინიციატივით, გარეგნული ნიშნით არჩევენ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე და ირჩევენ „კონკურსში გამარჯვებულებს“.

ფოტოსტუდია „შედოუ შაინის“ დირექტორი, ნანა მაისურაძე სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელსის“ ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ადასტურებს, რომ ქობულეთში, ბათუმში, მარტვილსა და სხვა რეგიონებში სამოდელო სააგენტო მოდელებს ეძებს სკოლებში, სადაც პერიოდულად ატარებენ სილამაზის კონკურსებს ყველა ასაკობრივ კატეგორიაში – ექვსიდან ოცდახუთ წლამდე. ნანა მაისურაძის თქმით, მისი „ბესტ მოდელსთან“ თანამშრომლობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური საბავშვო კონკურსები ქობულეთში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა.

„ბესტ მოდელსის“ გენერალური დირექტორის, კახი ხაბეიშვილის ორგანიზებით 2017 წელს საბავშვო კონკურსში „მის და მისტერ მარტვილი“ გამოავლინეს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ბავშვების მშობლები გარკვეულ თანხას იხდიან.

სააგენტო „ნიუ ლუქ მოდელსსაც“ აქვს სასკოლო სილამაზის კონკურსების ჩატარების გამოცდილება – ბავშვები „მის და მისტერ სკოლის“ ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან ერთმანეთს. თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელი, მადონა ძაგოევა სინანულით აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია ათიდან ორ სკოლაში თუ უშვებენ, საგაკვეთილო პროცესის შეფერხების ნებას ზოგან არ აძლევენ და ყველა სკოლიდან ვერ ახერხებენ ბავშვების ჩართვას კონკურსში.

რა სარგებლობა მოაქვს და რა მიზანი აქვს სასკოლო სილამაზის კონკურსებს, არის თუ არა ბავშვის გარეგნობის შემფასებლური კონკურსები მათი უფლებების დარღვევა და ვინ არის პასუხისმგებელი „გამარჯვებული“ თუ „დამარცხებული“ მოზარდების კონკურსის შემდგომ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი გვეუბნება, რომ 2017 წელს სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ სკოლაში ბავშვების ასარჩევად სილამაზის კონკურსისთვის.

„მერიის კულტურის სამსახურიდან დამავალეს მიმეღო რომელიღაც სააგენტოს წარმომადგენლები. დარბაზი მთხოვეს, საღამოობით მოდიოდნენ, რას აკეთებდნენ, ვინ იყვნენ, რა ერქვათ და ჩატარდა თუ არა ეს კონკურსი, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ“, – ამბობს დირექტორი.

„დე, შენ, უბრალოდ, ძალიან გიყვარვარ და გეჩვენება, რომ ლამაზი ვარ, აბა, რატომ არ ამარჩიეს სილამაზის კონკურსისთვის სკოლაში?“ – პატარა ნუცა (სახელი შეცვლილია) შესჩივის დედას, რომელსაც ხანგრძლივი საუბარი უწევს, შვილი პოტენციური ძალადობისგან რომ დაიცვას.

ნუცა ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი თავისი შვილის საბავშვო ბაღის პერიოდს იხსენებს:

„მოდის ერთ დღეს ჩემი გოგონა ბაღიდან და მეუბნება: ჩემი მეგობრები პოდიუმზე გამოდიან, მე კიდე – არა. სათვალეს რახან ვატარებ, ალბათ, ლამაზი არ ვარო. გავაპროტესტე ეს ამბავი, ბაღში მივედი და ავუხსენი პედაგოგებს, რომ ყველა ბავშვი ლამაზია და გარეგნობის მიხედვით შეჯიბრი მათთვის სტრესულია. ამიხსნეს: ვიცოდით, რომ არ გადაიხდიდი თანხას და არ ჩავაბით ბავშვი კონკურსშიო. მართლებიც იყვნენ, – სილამაზის კონკურსები ბიზნესია ვიღაცისთვის და უზარმაზარი ხარჯი – მშობლებისთვის. არავინ ფიქრობს, რომ ბავშვებს აზარალებენ. შვილთან დიდი მუშაობა დამჭირდა სტრესის მოსახსნელად“.

ფსიქოლოგის თქმით, ყველაფრის მიმართ ინტერესის დაკარგვა დიდ გავლენას ახდენს მოზარდის მომავალ ცხოვრებაზე, რადგან ბავშვისთვის სტრესია დამარცხებაც და გამარჯვებაც: „ვმუშაობდი ერთ გოგონასთან, რომელმაც პატარა ასაკში გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში. მას მიაჩნდა, რომ ცხოვრებაში უკვე მიაღწია მთავარს. შესაბამისად, დაკარგა მომავლის ყოველგვარი მოტივაცია – სცენაზე მიღებულ დიდ ემოციებთან შედარებით აღარაფერს ნიშნავდა მისთვის ყოველდღიურად გაკვეთილების მომზადება, საკონტროლო წერის კარგი ნიშანი“.

ირმა ფეიქრიშვილის თქმით, თუ მაინც გადაწყვეტს მშობელი, რომ ბავშვები სცენაზე გაიყვანოს, უნდა გააცნობიეროს, რომ „შეჯიბრი, მარცხი, მოზარდისთვის უზარმაზარი სტრესია, რომლის გადატანაც ძალიან უჭირთ“.
სოფომ სილამაზის კონკურსში 90-იან წლებში მიიღო მონაწილეობა, მაშინ მერვე კლასში იყო და იმ ემოციაზე გვიყვება, რომელიც სცენაზე და სცენის შემდეგ ჰქონდა:

„რატომ გავდიოდი კონკურსზე, ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი, კარგად ვმღეროდი და მინდოდა რაღაც ფორმით მიმეტანა ადამიანებამდე ჩემი სიმღერები, თუმცა კონკურსი სილამაზის იყო. ჟიურის სიმპათიის ტიტული მერგო, არ ვიცოდი, ეს ზუსტად რას ნიშნავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ მთავარ კონკურსში ვერ გავიმარჯვე. მახსოვს ბიჭების ყიჟინა, სტვენა და ხორხოცი გოგოების სცენაზე გამოსვლისას, ვწითლდებოდი, ნერვიულობისგან ოფლი მასხამდა და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. სისულელეა მოზარდის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება“.

სოფო ახლა გერმანიაში ცხოვრობს, მისი ქალიშვილი, 6 წლის მარტა (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთი გერმანული კომპანიის სარეკლამო სახეა, რაშიც ბავშვი სოლიდურ ჰონორარს იღებს. გათვლილია თითოეული დეტალი, რამაც პატარას გადაღებისას კომფორტი არ უნდა დაურღვიოს: დღეში მხოლოდ რამდენიმეწუთიანი გადაღების პროცესია დასაშვები, ბავშვის სახელი და გვარი არსად ფიგურირებს, დედას არ აქვს უფლება, ბავშვის ნებართვის გარეშე გაავრცელოს ფოტო-ვიდეომასალა და ა.შ.

გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძეც მიიჩნევს, რომ მშობლის უფლება და არჩევანია ბავშვის კონკურსში ჩართვა.

როგორც წესი, კონკურსის ჩატარების ინიციატორები სამოდელო სააგენტოები არიან, თუმცა ბათუმის #2 საჯარო სკოლაში სილამაზის კონკურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივით 2014 წელს ჩაუტარებიათ. როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე აღნიშნავს, ამ კონკურსმა ბავშვებზე დადებითი გავლენა იქონია.

„საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სილამაზის კონკურსში, გვინდოდა პატარებშიც ჩაგვეტარებინა, მაგრამ მშობლები უარზე იყვნენ. მონაწილე გოგონები ყოფით ცხოვრებაში არ ჩანდნენ, მაგრამ უცებ პოპულარულები გახდნენ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ, დაიხვეწა მათი მანერები. პატარა ასაკიდანვე უნდა ტარდებოდეს სილამაზის კონკურსები, მაგრამ მშობლებს სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰქონდათ და არ ისურვეს შვილების კონკურსში ჩაბმა. ჩვენ ვისაც სურდა, ყველა ჩავრთეთ ღონისძიებაში, არავინ შეგვირჩევია. არაცნობადი სახეები მერე უცებ ცნობადები გახდნენ, ისე დაამშვენეს სცენა. ჩემი მოადგილე, მედიკო კეშელავა ისევ გეგმავდა სილამაზის კონკურსის ჩატარებას“, – ამბობს #2 საჯარო სკოლის დირექტორი.

ქუთაისში ჩატარებული სილამაზის კონკურსების ერთ-ერთი ხშირად მიწვეული ჟიურის წევრი, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ამბობს, რომ მას კონკურსის დღეს ეძახიან და არაფერი იცის ბავშვების საკონკურსოდ შერჩევის პროცედურების შესახებ. მისთვის ეს კონკურსები სახალისო შოუა, სადაც ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები არიან.

უფროსების უმრავლესობა ბავშვთა სილამაზის კონკურსებზე საუბრისას შოუს, სანახაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ფსიქოლოგები კი ერთჯერადი დღესასწაულის დასრულების შემდეგ ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ საბავშვო კონკურსების ორგანიზატორებმა ბავშვთა უფლებების კონვენციით უნდა ისარგებლონ და გაანალიზონ რა შედეგის მომტანი იქნება ღონისძიებები მოზარდებისთვის.

მაია ცირამუა ამბობს, რომ  ბავშვისთვის, მოზარდისთვის გარეგნობა არ არის ნეიტრალური სფერო, ამ ასაკში ეს ყველაზე მტკივნეული თემაა:

„პირველი ომი თინეიჯერებს საკუთარ სხეულთან აქვთ. ნებისმიერი რამ, რაც მათ გარეგნობას უკავშირდება, ძალიან მგრძნობიარე ელფერს იძენს. შეიძლება თინეიჯერმა უარი თქვას ქუჩაში გასვლაზე და სკოლაში სიარულზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე და ჩაიკეტოს თუ მას, მაგალითად, აქვს აკნე. როცა მსგავს კონკურსებს აწყობენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები შორს არიან ბავშვის ინტერესებისგან.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა

მიმუშავია მშობლებთან, რომლებიც ბავშვების პოპულარობაზე ზრუნავენ მუდამ. ენერგია, რომელიც ბავშვის საკონკურსო, შეჯიბრობით პოზიციაში ჩაყენებას სჭირდება, განლევადია და თუ წარუმატებლობით მთავრდება კონკურსი, ამას მოჰყვება დიდი ემოციური პრობლემები, დაბალი თვითშეფასება. მშობლები ხშირად ნანობენ ბავშვების ასეთ სიტუაციაში ჩართვას და აღიარებენ, რომ ეს იყო შვილების წინაშე დაშვებული სერიოზული შეცდომა.

მშობლები, მასწავლებლები, კონკურსების ორგანიზატორები, რომლებიც მოზარდებისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემით, გარეგნობით მანიპულირებენ, ხშირად ვერ აცნობიერებენ რა ზიანი მოაქვთ ბავშვებისთვის. შეუძლებელია მსგავსი კონკურსებისგან რაიმე სახის დადებითი შედეგი მივიღოთ. არ შეიძლება ბავშვები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ვინ უფრო ლამაზია.

არ ვიცი, ვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ექიმს, რომელსაც პირდაპირ აბარია ყველაზე ძვირფასი რამ, ადამიანის სიცოცხლე თუ სკოლას, რომელიც აყალიბებს სკოლის შიდა კულტურულ ღირებულებებს. ამ კულტურის მატარებლები ხდებიან სწორედ მომავალში ბავშვები.

შვილების მუდამ რაღაც კონკურსებში ჩაბმის მოყვარული მშობლები ხშირად არიან ჰიპერმეურვეები, რომლებსაც სრული კონტროლი სურთ შვილების ცხოვრებაზე და ცდილობენ წინასწარ განუსაზღვრონ მათ გარანტირებული მომავალი. ეს გაუცნობიერებელი, სერიოზული ძალადობაა ბავშვზე, როცა მას არ აძლევ არჩევანის უფლებას, თვითონ წყვეტ მის ნაცვლად ყველაფერს და თან ძალადობას ზრუნვის მანტიაში ხვევ.“

რა პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ დასავლეთის ქვეყნებში? – მაგალითად, საფრანგეთის სენატმა 2013 წელს აკრძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები. კონკურსების ორგანიზებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30 000 ევროა დაწესებული.

გერმანიაში, ინგლისში, სკანდინავიის ქვეყნებში 16 წლამდე ასაკის ბავშვების სილამაზის კონკურსები არსად არ ტარდება.

აშშ-ში ფსიქოლოგები და ადამიანის უფლებათა დამცველები მკაცრად აკრიტიკებენ საბავშვო შოუებს – თoddlers & Tiaras-სა და კონკურს Little Miss Perfect-ს, სადაც თვალშისაცემია აქცენტი ბავშვების სექსუალურ იმიჯზე. საბავშვო შოუებისა და სილამაზის კონკურსების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში, სადაც 1993 წლის ოფიციალური სტატისტიკით 450 000 ბავშვი იყო დარეგისტრირებული, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მსგავსი კონკურსები ძალადობის მაპროვოცირებელი საშუალებაა და უხეშად არღვევს ბავშვის უფლებებს.

ლუკინო ვისკონტის ფილმში „ყველაზე ლამაზი“ ანა მანიანის გმირი მადალენა თავგადაკლული დედაა, რომელიც ოცნებობს ექვსი წლის შვილი მარია ჯეკონი კინოვარსკვლავად აქციოს. კასტინგები, რეჟისორისა და გადამღები ჯგუფის აგდებული, ბავშვებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დედას რეალობას აჩვენებს და შვილის ზღაპრულ მომავალზე ილუზიებს უფანტავს.

ფილმის დასაწყისში მადალენა შვილით აღფრთოვანებული, მის ვარსკვლავურ მომავალზე მეოცნებე დედაა, ფილმის დასასრულს კი, ის გარემოს სიყალბეს, შეჯიბრის აბსურდულობას და ბავშვისადმი მიყენებულ ზიანს სრულად აცნობიერებს და როცა ფილმის რეჟისორი ბავშვთან კონტრაქტის გასაფორმებლად თავად ეწვევა შინ, მანიანის გმირი ტკივილით, გამოცდილებით გაზრდილი მშობლის სიტყვებს ეუბნება მეუღლეს:

„სპარტაკ, გაყარე ეს ხალხი სახლიდან, ჩვენი შვილი ფილმში აღარ ითამაშებს“.

კადრი ლუკინო ვისკონტის ფილმიდან „ყველაზე ლამაზი“

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: