სარფი, საბაჟო. თორნიკე თავაძის ფოტო

შემოსავლების სამსახურის განცხადება სარფის საზღვარზე შეფერხებებთან დაკავშირებით

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 12 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს.

შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე – შემოსვლა.

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“,  აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ სარფში არსებულ ვითარებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით, რათა თავიდან აიცილოთ  გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com