სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი  იასპარეზებს.

ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა.

„ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში ჩატარდა, აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულ გუნდსა და წინა წლის გამარჯვებულ სასკოლო გუნდებს შევხვდით. თამაში ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდის გამარჯვებით დასრულდა, სკოლისთვის ეს გამარჯვება უდიდესი წარმატებაა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 72 მოსწავლე ჰყავს. მაგიდის ჩოგბურთი ჩვენs სკოლაში პრიორიტეტული მიმართულებაა, ამ სექციაში სკოლის 12 მოსწავლეა,“ – ამბობს ვაიოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი იოსებ მახაჭაძე.

ვაიოს საჯარო სკოლის ბაზაზე მაგიდის ჩოგბურთი 2009 წლიდან ისწავლება.  სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდა სპორტსმენებს იმედა მახაჭაძე წვრთნის, იმედასთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებს იოსებ მახაჭაძეც ასწავლის.

19466447_1859376091056312_3718316098796979090_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი