„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.
21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს.
დღეს კი დაიწყო იმ საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც 8 ბრალდებული ფიგურირებს 17-დან. ამ 8-დან ერთი – მინდია ბერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო.
მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღევანდელ პროცესზე თითოეულ ბრალდებულს კიდევ ერთხელ წაუკითხა ბრალდების არსი და განუმარტა მოსალოდნელი სასჯელი, ბრალის დადასტურების შეთხვევაში.
მოსამართლემ კითხვაც დაუსვა თითოეულს: “სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”. ბრალდებულებმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნიეს.
“რადგან ბრალს არ აღიარებენ, საპროცესო ვერ შედგებოდა, მაგრამ სასამართლო მაინც დაინტერესდება, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე,”- მიმართა პროკურორს მოსამართლემ.
“საპროცესოზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,”- თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას მოწმეებიც შეეძლო წარმოედგინა, თუმცა პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე პროცესზე მარტო მოვიდა.
სასამართლო თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. საქმეზე სულ 301 მოწმეა დასაკითხი.