700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება.

შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, ზოგან საღამოს 9 საათამდე არ ირთვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით თეიმურაზ ბოლქვაძე ამბობს: „მათ აქვთ განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, მაგრამ შესაძლოა დაანონსებული სამუშაოები რამდენიმე წუთით გაგრძელდეს“.

შუქის ინტენსიური გათიშვა მარტის ბოლოს დაიწყო, იმ დროისთვის „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსი, ჰაიდარ ფარტენაძე აცხადებდა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები მხოლოდ აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდებოდა და დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდებოდა შუქის მიწოდება.

„ყველაზე მეტი გამორთვები ქედაშია, რადგანაც ხაზის მშენებლობა ამ დროისთვის ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინდინარეობს, ძირითადად მახუნცეთის, წონიარისისა და ცხმორისის თემებშია შეზღუდვები, რაც კვირის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება დაანონსებულ დროს, რომ ქედაში მაისამდე უნდა დასრულებულიყო ხაზის გაყვანა, ვერ მოესწრო“ – ამბობს თეიმურაზ ბოლქვაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი