სიახლეები

ვაჟა ვერულიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მისი უფლებების დარღვევაზე

27.05.2014 • 2557
ვაჟა ვერულიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მისი უფლებების დარღვევაზე

„სარეთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2014 წლის 22 მაისს გავრცელებულ კველავაში ნათქვამია, რომ ვაჟა ვერულიძე ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში შპს „აუდიტორული საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“, ამავე კომოპანიის დარჩენილი 50%-ის  მფლობელი კი მისი მეუღლე ნანა ხინიკაძეა. 

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ვერულიძის მეუღლე  ნანა ხინიკაძე 20% წილს ფლობს „თაობა XXI“-იც.

 

ინფორმაციას, რომ მეუღლესთან ერთად ფლობს კომპანიას ვაჟა ვერულიძეც ადასტურებს. ის ამბობს, რომ კომპანია დიდი ხნის წინაა დაარსებული და  არასდროს მიუღია ტენდერებში მონაწილეობა, შესაბამისად, ამ წილებიდან შემოსავალი არ მიუღია.  

ეს განმარტება ორგანიზაციის კვლევაშიცაა დაფიქსირებული. „ზემოთ მოცემულ კომპანიებს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათთან არც გამარტივებული შესყიდვის შესახებ გაფორმებულა ხელშეკრულება“, – ნათქვამია  კვლევაში.

მიუხედავად ამ განმარტებისა,  ვაჟა ვერულიძე ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ მისი იმ ადამიანებში მოხსენიებით, რომლებმაც თვითმმართველი ორგანიების მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგეს, მისი უფლებები დაირღვა.

„საერთაშორიოს გამჭვირვალობის მიერ  კვლევის პრეამბულაში, რომელიც ეხებოდა ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებს, ნათქვამია, რომ  ბათუმის საკრებულოს ექვსი წევრი, მათ შორის დასახელებულია ჩემი გვარიც, იმ კომპანიების მეწილეები არიან, რომლებიც  ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებდნენ. ამ ინფორმაციის ტელევიზიისა და პრესის საშუალებით გავრცელების  შემდეგ  კი,  ნებსით თუ უნებლიედ დაირღვა ჩემი უფლებები და საზოგადოება შეყვანილი იქნა შეცდომაში“, – აცხადებს ვაჟა ვერულიძე.

ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დამოკიდებულება, რომ „არ უნდა ვყოფილიყავი მოხსიენიებული, რადგან მათ მოგებული აქვთ ტენდერი და ჩვენ არ გვაქვს ტენდერებში მონაწილეობა მიღებული, არის აბსოლუტურად გაუგებარი. ჩვენ პრემაბულაში, ანუ დათქმებში, რაც კვლევის შედეგად მივიღეთ, ვწერთ, რომ ამ ადამიანების კომპანიების ნაწილს აქვს მოგებული სახელმწიფო ტენდერები და ნაწილთან არის გამარტივებული შესყიდვები გაფორმებული. 

ჩვენს კვლევას ჰქვია საკრებულოს წევრებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები. პრეამბულაში ცალ-ცალკე ვერ ჩაწერდით ვის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ვის არა, ამიტომაც ჩაშლილად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას თუ რომელი პირი რა კომპანიას ფლობდა და ეს კომპანია რა ტენდერებში იღებდა მონაწილეობას.  

არგუმენტი, რომ ვაჟა ვერულიძის უფლებები შეილახა, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენი კვლევა არანაირად არ იყო ორიენტირებული ვინმეს უფლების შელახვაზე.  ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა იმაზე, რომ რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან წარმომადგენლობით ორგანოში, აქვთ თუ არა სხვა ინტერესები გარდა იმისა, რომ მართონ ქალაქი. ჩვენ  აბსოლიტურად პასუხისმგებლები ვართ იმ ინფორმაციაზე, რაც გამოვაქვეყნეთ.“

გადაბეჭდვის წესი