metro-manii_cr

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ].

სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებითაცაა შესაძლებელი. „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების გამოყენება მაისის თვიდან აღარ იქნება შესაძლებელი.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი გაჩერებებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებისა თუ ელექტროტაბლოების განახლება ან დამატება. წელს მოსაცდელებზე არც ისეთი საინფორმაციო დაფების განთავსებაა დაგეგმილი, რომლებზეც ქალაქის რუკა, სამარშრუტო ხაზები და მოძრაობის გრაფიკი იქნება მითითებული.

„ახლა მიდის მუშაობა და ტურიზმის სააგენტო ბეჭდავს სატრანსპორტო რუკებს, სამომავლოდ ჩვენც ვგეგმავთ და განვათავსებთ. ამ ეტაპზე კი შესაბამისი ხარჯის გაწევა არ ღირს, ვინაიდან მიმდინარეობს მწვანე ქალაქების პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა მთლიანად მოხდეს სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია და საერთოდ ყველაფერი შეიცვალოს – მარშრუტიც, გაჩერების ადგილები… 2019 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს იდეაში ეს სამუშაო, შესაძლოა უფრო ადრეც,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის თქმით, მაქსიმუმ ორ თვეში გამოცხადდება ტენდერი 30 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე, მათგან 10 იქნება ელექტროავტობუსი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com