მთავარი,სიახლეები

აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

30.03.2017 • 10499
აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

„11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია.

საქმის მასალები 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ადგილობრივი ადათ-წესებისა და ძველი კადრების შენარჩუნება მოსთხოვეს.

კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას. „უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკგვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება…“, – ვკითხულობთ კახა ბუხრაძის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის – „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ადასტურებს შეხვედრას კახა ბუხრაძესთან და სატელეფონო კავშირსაც: „შეხვედრაზე ნამდვილად ვთხოვე დაეცვა ადათ-წესები და ადგილობრივი კადრები არ გაეშვა. მანქანის მოწმობაზე არაფერი მითხოვია, რადგან მე არც მოწმობა მაქვს და არც – მანქანა“, – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

რაც შეეხება თხოვნას ტრაილერების გადაადგილებაზე, მერაბ ღოღობერიძის თქმით, პრობლემა კონკრეტულ მოქალაქეებს შეექმნათ და მხოლოდ დახმარება სთხოვა საპატრულო პოლიციის უფროსს.

17670969_1489037844454423_937317322_n (1)17579853_1489038517787689_593613854_n17671252_1489038841120990_2129800113_n17671222_1489039027787638_1182944079_n

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: