ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს დილიდან სოფლებში ნაგვის ურნების განთავსება დაიწყო. სანაგვე კონტეინერები ქედის 64-ვე სოფელში იქნება და ძირითადად, სოფლის ცენტრებში ან იმ მდინარეებისა თუ ხევების მიმდებარედ განთავსდება, სადაც სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას წელს პირველად ქედის გამგეობის შპს „ქედის კომუნალურსერვისი“ უზრუნველყოფს, რისთვისაც გამგეობამ კომპანიას საკურებაში 2017 წელს სესხით ნაყიდი, სპეციალური ნაგავმზიდიც გადასცა.
ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის თქმით, სოფლებში პირველ ეტაპზე 80 ნაგვის ურნა განთავსდება, უახლოეს პერიოდში კი 50 ურნა დაემატება, რასაც ქედის გამგეობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელოდება.
სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მიზნით, 90 ურნა ქედის გამგეობამ 2015 წელს 70 ათას ლარად იყიდა, 90 ურნიდან 10 ურნა გამგეობამ მახუნცეთის ტერიტორიაზე განათავსა, დანარჩენი 80 ურნა კი დღემდე ქედის გამგეობის ეზოში იყო დასაწყობებული.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, სანაგვე კონტეინერები სოფლებში დღემდე მხოლოდ იმის გამო ვერ განათავსეს, რომ გამგეობას საკუთრებაში ისეთი სპეცტექნიკა არ გააჩნდა, რითაც ნარჩენების გამოტანა მოხერხდებოდა.
ამავე თემაზე: