სიახლეები

ვინ იქნება შემდეგი – კრიტიკა ჯიპების გამო

17.12.2013 • 1633
ვინ იქნება შემდეგი – კრიტიკა ჯიპების გამო

პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ავტომანქანების შესყიდვაზე 31 ტენდერია გამოცხადებული, აქედან ერთი გაუქმებულია (უმაღლესი საბჭო), ხოლო ოთხი ტენდერი არ შედგა. დეკემბრის მონაცემებით მანქანებში 1 175199 ლარი დაიხარჯება. რა გაგრძელება ექნება ენერგეტიკის მინისტრისა და ამავე დროს ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებას – იცვლება ხელისუფლების პოლიტიკა ფუფუნების საგნების შესყიდვაზე თუ ავთანდილ ბერიძის პარტიულ პოლიტსაბჭოზე დაბარება რეგიონში უშუქობით გაბრაზებული მოქალაქეების დასაშოშმინებელი ერთჯერადი პიარის ნაწილია? – ამ კითხვაზე პასუხი უახლეს მომავალში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ავთანდილ ბერიძის მსგავსად რამდენი თანამდებობის პირი გააუქმებს გამოცხადებულ ტენდერს ავტომანქანების შესყიდვაზე.

დაზუსტებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობას აპირებს აჭარის განათლების სამინისტრო. მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებს“ განუცხადა: „ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ შიდა კონსულტაციებს, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ 18 დეკემბრამდე. ამ დღეს გვეწურება ხელშეკრულების დადების ბოლო ვადა“.

აჭარის განათლების სამინისტრო ვიცე-პრემიერის განცხადებამდე 73 500 ლარად ღირებული მაღალი გამავლობის ჯიპის ყიდვას გეგმავდა. ლადო მგალობლიშვილის თქმით, მანქანისთვის თანხა ხარჯების დაზოგვით გამონახეს: „მივლინებაში, წარმომადგენლობით ხარჯებსა და საწვავში დაგვირჩა ეკონომია. სამინისტროს არ ჰყავდა მაღალი გამავლობის მანქანა. აჭარა არის მთიანი რეგიონი, სადაც 400-მდე სკოლა გვაქვს. ამ სკოლებში მისასვლელად გვჭირდებოდა მაღალი გამავლობის მანქანა. სამინისტროს ბალანსზე სულ ხუთი მანქანა აქვს“, –  უთხრა ლადო მგალობლიშვილმა „ბათუმელებს“.

შედარებით ნაკლები ფასის – 37 800 ლარად ღირებულ მანქანას დეკემბერში ყიდულობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროც. ამ სამინისტროდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ წლის დასაწყისში მანქანის ყიდვა გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ წლის ბოლოსთვის დაზოგილი თანხით აპირებენ სატრანსპორტო საშუალების ყიდვას.

მინისტრ ზაურ ფუტკარაძის ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ის განმარტავს ახალი მანქანის შეძენის მიზანშეწონილობას, წერია: „სოფლის მეურნეობის გაზრდილი პროგრამებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სისტემურ მონიტორინგს სოფლებში, რისთვისაც საკმარისი არ არის არსებული ავტოპარკი. ამასთან, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოპარკი მოძველებულია და სისტემატურად გამოდის მწყობრიდან“.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე 6 მანქანა ირიცხება. მინისტრისავე თქმით, სამინისტრო ტენდერის გაუქმებას არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ, ჯიპში თითქმის 80 ათასი ლარი დახარჯა, მაგალითად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა. „ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, რასაც ის გარდაბნის ყოფილ გამგებელზე დაყრდნობით ავრცელებს, ამ მუნიციპალიტეტში შარშან 95 ათას ლარად ღირებული მანქანაც იყიდეს. ეს მანქანა, ისე როგორც შარშან 91 220 ლარად ნაყიდი კიდევ ერთი ჯიპი, გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეგიონის სამხარეო პოლიციისთვის გადაუცია.

მანქანების ყიდვის განაცხადი 5 დეკემბერს გააკეთა მარნეულის მუნიციპალიტეტმაც. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამ ახალ ავტომობილში მუნიციპალიტეტი 170 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ისკანდერ ქარიმოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ აპირებენ ტენდერის გაუქმებას: „ძალიან ძველი მანქანები გვყავს, ამიტომ პარკი უნდა გავაახლოთ. ერთი მანქანა 28 ათასი ლარი ეღირება და მას საკრებულოს თავმჯდომარე გამოიყენებს, დანარჩენი ორი – სპეცმანქანაა“.

ისკანდერ ქარიმოვის თქმით, ისინი ძველი მანქანების გაყიდვას გეგმავენ.

საჯარო დაწესებულებათაგან ყველაზე ძვირადღირებული მანქანების შესყიდვის უფლებას საკუთარ თავს შს სამინისტრო აძლევს. შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისთვის საჭირო მანქანების გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, უწყებამ რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა იყიდა, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის აპრილში 630 ათასი ლარი დახარჯა და ცხრა „ტოიოტა ჰაილენდერი“ შეიძინა – თითოეულში 70 ათასი ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ სააგენტომ დამატებით 43 700 ლარად ღირებული სამი ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსი“ და სამი ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული „ლენდკრუიზერ პრადო“.

2013 წლის აპრილში სააგენტომ „ტოიოტა ლენდკრუიზერ 200“-ც იყიდა – ამ მანქანაში სამინისტრომ 121 700 ლარი გადაიხადა.

შს სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ, ოქტომბრის ბოლოს ძვირადღირებული მანქანები ისევ იყიდა. ამ მანქანებითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ. შს სამინისტრომ ოქტომბერში მანქანებში 645 ათასი ლარი დახარჯა. ამ თანხით 24 მანქანა იყიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში კი ავტოპარკი ბოლოს 2012 წლის დეკემბერში განაახლეს. სამმართველომ 72 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ იყიდა. შპს „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და სამმართველოს შორის ავტომანქანის მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას სამმართველოს ხელმძღვანელი, ვალერიან თელია აწერს ხელს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომლის მინისტრიც კახი კალაძეა, 2013 წლის მაისში 2 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, რაშიც, ჯამში, 78 500 ლარი გადაიხადა. კახა კალაძის უწყებამ არჩევანი „შკოდა ოქტავაზე“ შეაჩერა.

საიას კვლევის თანახმად, ახალმა მთავრობამ არჩევნების შემდეგ 768 ახალი მანქანა იყიდა. მათ შორის 2013 წლის პირველ ექვს თვეში – 307 ერთეული ახალი ავტომანქანა.

14 დეკემბერს კახი კალაძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს ქართული ოცნების წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვიცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ავთო ბერიძის საკითხს განიხილავს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

კალაძის ეს განცხადება ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ შეაფასა, როგორც ჩარევა: „საქართველოს მთავრობა თავის კომპეტენციებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ცენტრალური მმართველობა დავამთავრეთ, აჭარის ავტონომიის ლიდერს აქვს უფლება, რომ განკარგოს ბიუჯეტი როგორც თავად მოისურვებს უმაღლესი საბჭო. ეს არის კანონი. კომპეტენციურად და ფუნქციურად კახა კალაძეს არ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტზე, ეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტია“.

ერთი დღის შემდეგ იმავე თემაზე არჩილ ხაბაძემაც გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: „რაც შეეხება მურმან დუმბაძის მკვეთრ განცხადებას ავტონომიური რესპუბლიკის საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩარევაზე – კატეგორიულად არ ვეთანხმები. აღნიშნული კონტექსტი არანაირ კავშირში არ არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობასთან. ჩვენ ყველამ კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შედეგად დავიკავეთ აღნიშნული თანამდებობები. ავთანდილ ბერიძეც გახლავთ კოალიციის წევრი. შესაბამისად პოლიტსაბჭოს სრული უფლებამოსილება აქვს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მისი პარტიის წევრის ქმედება პარტიის პოლიტიკას“.

გადაბეჭდვის წესი