მთავარი,სიახლეები

ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ

10.02.2017 • 5218
ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამა – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, რომელიც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს საბაზო განათლების მიღება, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე ზრდასრულებსაც, რომ სპეციალური პროგრამების გავლის შემდეგ, საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღონ და სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ. რამდენია პროგრამის ბიუჯეტი და რა პროცესი მიმდინარეობს სამინისტროში პროგრამის განსახორციელებლად, ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პროგრამის ხელმძღვანელმა ეკა დგებუაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, როდის ექნებათ დაინტერესებულ პირებს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა?

პირველ რიგში, სტატისტიკა უნდა მოვიძიოთ ვინ დარჩა ფორმალური განათლების მიღმა 18 წელს ზემოთ და ამის პარალელურად, შევიმუშაოთ მოკლევადიანი პროგრამები, რაც საშუალებას მისცემს მათ, დაძლიონ ცხრა კლასის პროგრამები. ეს მათ  საშუალებას მისცემს, აიღონ საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი და გადავიდნენ პროფესიული განათლების საფეხურზე.

ზრდასრულებზეც არის საუბარი, 25-30 ან უფრო მეტი ასაკის პირსაც შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა თუ ასაკი შეზღუდულია?

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს. თუ სასკოლო ასაკისაა და შესაძლებელია ჩააბაროს ექსტერნი, შეუძლია თანატოლებთან ერთად გააგრძელოს სწავლა,  ხოლო თუ ზრდასრულია, მას პატარა ბავშვებთან ბუნებრივია ვერ დავსვამთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალური პროგრამებით ისწავლონ და ისე ჩააბარონ საბაზო საფეხურის პროგრამები.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 80 ბავშვი, მათ შორის ზრდასრულებიც, უკვე შევიყვანეთ სკოლებშიო, რა ფორმით მიიღეს ისინი?

ზრდასრულები არა, 18 წლამდე მოზარდებზე იყო საუბარი. ჩვენ ახალი პროგრამის პარალელურად ვმუშაობთ კიდევ სხვა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოვიცავით მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს დღის ცენტრებში და აქედან ჩავრთეთ ეს 80 ბავშვი საჯარო სკოლებში.

ის ზრდასრულები, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ, ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ?

რა თქმა უნდა, ზრდასრულებიც და არასრულწლოვნებიც.

პროგრამის ბიუჯეტი დაანგარიშებულია? რამდენი ლარია ამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტში?

ჯერ ვერ დავასახელებ პროგრამის ბიუჯეტს, იმიტომ, რომ ახლა ვართ შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესში. როცა უკვე გამოჩნდება სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება ეს პროგრამა, მაშინ გვეცოდინება ზუსტი ბიუჯეტი.

მონაცემების დამუშავებისთვის რა დრო გჭირდებათ?

წელს ვგეგმავთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიყვანოთ საქმე. სავარაუდოდ, წელს ვერ დასრულდება, რადგან ბევრი ბიუროკრატიული და სამეცნიერო საქმეა გასაკეთებელი.

კონკრეტულად?

რაღაც ბაზებზე წვდომა გვჭირდება, შემდეგ ამ ინფორმაციის გაფილტვრა, ნებართვა, პროგრამების შემუშავება, რომელიც ექსპერტებმა უნდა დაწერონ, შემდეგ ამ პროგრამების აღიარება უნდა მოხდეს და ეს პროცედურებია გასავლელი.

მსგავსი პრაქტიკა ალბათ არსებობს სხვა ქვეყნებშიც, რომელიმე მოდელის გამოყენებას აპირებთ, თუ  რამე განსხავებული გექნებათ?

მთელ მსოფლიოში არსებობს ამის მრავალფეროვანი პრაქტიკა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებაც და ამ რეკომენდაციებსაც ვეფუძნებით. თუმცა, ვისაც სურვილი აქვს საბაზო განათლების მიღების, დღესაც შეუძლია ჩააბაროს ექსტერნი და დაბრუნდეს სკოლაში. ამისთვის სკოლის კარები ღიაა და ამას კანონი არეგულირებს.

ხოლო ის პირები, რომლებიც უკვე ზრდასრულები არიან, მაგრამ სკოლაში არ უვლიათ და უნდა მიიღონ ზოგადი განათლება, სპეციალურ პროგრამებს გაივლიან.

საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს ეს პროგრამა?

კი, ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ვიცი, „იუნისეფიც“ არის ამ პროექტში ჩართული. რა ფორმით?

„იუნისეფთან“ ერთად ვამუშავებთ გზამკვლევს მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: