მთავარი,სიახლეები

სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

02.07.2016 • 3420
სასტუმროები ისევ სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გარეშე

ხელისუფლების საჯარო დაპირების მიუხედავად, სასტუმროებში, სადაც საწოლების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არავინ აკონტროლებს სახანძრო უსაფრთხოებას. ხელისუფლებამ საჯარო დაპირებები გასული წლის მაისში გასცა, როცა ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი, კანონი აუცილებლად გამკაცრდება“. უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობდნენ სხვა დეპუტატებიც, თუმცა ერთი წლის განმავლობაში კანონპროექტიც კი არ მომზადებულა ცვლილებისთვის კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“.

„არა მხოლოდ ჩვენ, მთავრობაც დაგვპირდა ამას. საკანონმდებლო ინიციატივა რომ ყოფილიყო კომპეტენტური, მთავრობამ დაიწყო ამაზე მუშაობა. კომპლექსური საკითხია ეს,“ – ამბობს პარლამენტის წევრი „ეროვნული ფორუმიდან~ ანი მიროტაძე.

ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საზოგადოებას უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჰპირდა სამი ბავშვის დაღუპვის შემდეგ და ერთადერთი პარლამენტარებს შორის, ვისი ჩაწერაც „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ამჯერად მოახერხა. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი სამთავრობო უწყება მუშაობს ინიციატივაზე, ან რა ეტაპზეა კანონპროექტი, დეპუტატმა ასე გვიპასუხა: „არ ვიცი, რა ეტაპზეა. სავარაუდოდ მიმდინარეობს მუშაობა. შემდეგი მოწვევის პარლამენტში ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება სახანძრო უსაფრთხოების შესახებ გასული წლის 23 ივლისს, ანუ ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, არაფერი შეცვლილა სასტუმროებზე, სადაც ადგილების რაოდენობა 100-ს არ აჭარბებს. „ამ დადგენილებით განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. ეს ზრდის სტანდარტებს, მაგრამ იგი არ შეხებია ოჯახური ტიპის სასტუმროებს. კანონში „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილება არ შესულა,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

კანონი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასტუმროს უსაფრთხოების კუთხით შემოწმებისა და სანქციების გატარების უფლებას, თუ ობიექტის სიმაღლე 20 მეტრზე მეტია, ხოლო საწოლის რაოდენობა 100-ს აჭარბებს. სააგენტოს შეუძლია შევიდეს საოჯახო ტიპის სასტუმროშიც, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში. შემოწმდა თუ არა ამ ფორმით რომელიმე სასტუმრო, ან რა სანქციები გატარდა – „ბათუმელებს~ ამ კითხვებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში არ უპასუხეს.

„ჩვენ მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა იმუშავა და სულ 70 ოჯახური ტიპის სასტუმროდან 25-მა შეასრულა მოთხოვნა,“ – გვარწმუნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. გამგეობის მონაცემები განსხვავდება იმისგან, რაც სულხან ოქროპირიძეს აქვს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს. მან გასული წლის ნოემბერში საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“ უთხრა, რომ იმ დროისთვის 70-დან მხოლოდ სამმა ოჯახურმა სასტუმრომ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. გამგებლის მოადგილე კი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გასული წლის ივლისში უკვე 18 სასტუმროს ჰქონდა შესრულებული რეკომენდაცია სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. სულხან ოქროპირიძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

„ბატონ სულხანს, შესაძლოა, არ ჰქონდა სრული ინფორმაცია. იცით რა, ეს ყოველდღიურად ცვალებადი ინფორმაციაა“, – ასე ხსნის ციფრებს შორის სხვაობას ქობულეთის გამგებლის მოადგილე, რატი მეგრელიძე. კითხვაზე, როგორ შეიძლება უზრუნველყოს სასტუმრომ უსაფრთხოების ნორმები ერთ დღეში, გვპასუხობს: „საუბარია იმაზე, რომ მოაწყოს ელემენტარული სახანძრო სტენდი და ჰქონდეს ცეცხლჩამქრობები. ნორმების შესრულებაში ამას ვგულისხმობ, თორემ დეტექტორების დაყენებას ნომრებში ჩვენ ვერ მოვთხოვთ, ვერც სისტემის მოწყობას. კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. სახანძრო სტენდს კი გავა უცებ და იყიდის“.

ქობულეთის გამგებლის მოადგილემ გვითხრა ისიც, რომ როცა ტურისტული ჯგუფები ჩამოდიან, მაგალითად, ქორეოგრაფიული ანსამბლები, გამგეობა რეკომენდაციას აძლევს იმ ოჯახურ სასტუმროს, სადაც მინიმუმ სახანძრო სტენდი აქვთ. „ბოლო შემოვლის დროს, ზაფხულის დადგომამდე, ეს ვუთხარით სასტუმროს მფლობელებს. მგონი, ამას გაუწევენ ანგარიშს,“ – ამბობს რატი მეგრელიძე.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, – ამ ნიშანს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იმ სასტუმროს ანიჭებს, რომელიც უსაფრთხოების საგანგებოდ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას შეძლებს. პროექტში აჭარის 350 სასტუმროდან 50 მონაწილეობს. აქედან 19-ს [11 სასტუმრო, 8 – რესტორანი] უკვე მიენიჭა ხარისხის ნიშანი. ეს ნიშანი არ მინიჭებია არც ერთ ოჯახური ტიპის სასტუმროს ქობულეთში.

„ქობულეთიდან ოჯახური ტიპის ერთი სასტუმროა ჩართული ჩვენს პროექტში, მაგრამ მან ჯერჯერობით კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი: „ამ პროექტში ჩართვა ნებაყოფლობითია. გასულ წელს გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა ქობულეთის სასტუმროებთან, სამწუხაროდ, ოჯახური ტიპის სასტუმროებს დიდი დაინტერესება არ გამოუხატავთ. იმედია, დაინტერესდებიან, რადგან უსაფრთხოების კუთხით ხარისხის ნიშანი მნიშვნელოვანი გზავნილია ტურისტებისთვის. კრიტერიუმები სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. სასტუმროებს უნდა ჰქონდეთ ცეცხლმქრობები, საინფორმაციო ნიშნები, საევაკუაციო გეგმა და ასე შემდეგ. პროექტში ასევე ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, რადგან კრიტერიუმი მოიცავს კვებითი უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებსაც“.

2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული სამი მოზარდის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ირაკლი შავაძემ წინასწარი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლა უსაფრთხოების წესების დარღვევაში ბრალდებული ზაზა ართმელაძე, ის სასტუმრო „არმაზის“ მესაკუთრეა. სასამართლოს უკვე მისცეს ჩვენება პოლიციელებმა. მათ აღწერეს, როგორ იპოვეს და გამოიტანეს ბავშვების ცხედრები დამწვარი სასტუმროს ნანგრევებიდან.

ფოტოზე: ხანძარი ქობულეთში. ფოტო არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: