ავტობანი – განსახლების სია მოწმდება

ბათუმის შემოვლითი გზა, ძირითადად, არსებული პროექტით აშენდება, თუმცა, გადამოწმდება და განახლდება განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის გეგმა. სიების გადამოწმება დაწყებულია. არის ოჯახები, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებული პროექტით ავტობანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან.

„თითქმის ყველა ინსტანციას მივმართეთ – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აჭარის მთავრობას, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობას თბილისში… ოფიციალური პასუხი ვერავისგან მივიღეთ“, – ამბობს მახინჯაურში მცხოვრები მირანდა ნაკაშიძე. მისი თქმით, მისი და კიდევ რამდენიმე ოჯახისთვის ავტობანის აშენების შემდეგ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

„იმ ზოლიდან, სადაც ავტობანი უნდა აშენდეს, სამი ოჯახი, ვინც სიაში არ ვართ, 11 მეტრით ვართ დაშორებული [სახლებთან ახლოს ხიდი კეთდება]. ამბობენ, რომ გზის პროექტი არ შეიცვლება. თუ ეს მართალია, ხიდთან 11 მეტრში, მაგისტრალის ქვეშ ცხოვრება ჩვენთვის შეუძლებელი იქნება“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ელოდებიან განსახლების გადამოწმებულ გეგმას, რის შემდეგაც განიხილავენ ნებისმიერ პრეტენზიას.

„ამ ეტაპზე არ არის შემოსული განსახლების განახლებული პროექტი. აქედან გამომდინარე, თუ ვის ეკუთვნის კომპენსაცია და ვის არა, ვერ ვისაუბრებთ. როდესაც პროექტირება დასრულდება, გვექნება საშუალება ვისაუბროთ ვის ეკუთვნის კომპენსაცია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კითხვაზე, რამდენ მეტრზე ვრცელდება ზემოქმედების არეალი – სამინისტროში ზოგადად პასუხობენ: „არსებობს საერთაშორისო ავტობანის სტანდარტები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ მშენებლობის პროცესში“.

განსახლების გეგმის განახლებაზე ამჟამად კომპანია „გეოგრაფიკი“ მუშაობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ისინი სწავლობენ მხოლოდ იმ ე.წ. „ბუფერულ ზოლს“, რომელიც მათ გზების დეპარტამენტმა მიაწოდა.

„ამ ზოლში მოხვედრილ ნებისმიერ ოჯახს, თუ მიწის ნაკვეთს გადავამოწმებთ, მაგრამ თუ ოჯახი ბუფერულ ზოლში არ ხვდება, მას ვერ გადავამოწმებთ. თავად დეპარტამენტმა უნდა გვითხრას, რომ დამატებით შევისწავლოთ ესა თუ ის ოჯახი ან ნაკვეთი“, – აღნიშნა სატელეფონო საუბარში „გეოგრაფიკის“ წარმომადგენელმა მალხაზ ხურციძემ.

„ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი. სიაში ასე განცხადებებით ვერ შევიყვანთ ხალხს. ყველა მოსახლე იქნება შესწავლილი. რაც შეეხება პრეტენზიებს, ამ მოქალაქეების განცხადება ჩემთანაც არის შემოსული. ამ დღეებში სპეციალურად უნდა ჩავიდე თბილისში და პასუხსაც გავცემთ. ამ ეტაპზე, ეკუთვნის კომპენსაცია თუ არა – ამ ადამიანებს პასუხს ვერავინ გასცემს, ზუსტი აზომვები არ გვაქვს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, ქობულეთის გზის მშენებლობის პროცესში უყურადღებოდ დეპარტამენტს არავინ დაუტოვებია: „შემიძლია გაჩვენოთ დამატებითი სიები და ისიც თუ რამდენზე გაიცა დამატებით კომპენსაცია მშენებლობის პროცეში. ქობულეთში საბოლოოდ 560 ოჯახზე გაიცა კომპენსაცია“.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ის ამ დღეებში განსახლების დეპარტამენტიდანაც ელოდება სპეციალისტებს: „წინასწარ ნერვიულობენ – სახლი დაიბზარება, გზა არ გვექნება… ერთი ადამიანიც კი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, ყველას სიტუაცია განვიხილეთ. ექვსი ადამიანი დავობს დღეს – ხიდთან 11-20 მეტრში ვცხოვრობთო. არის კომუნისტების დროინდელი კანონი, სადაც წერია 50 მეტრი, მაგრამ, არის 25 მეტრიც, სადაც უნდა გაუკეთო ხმაურის დამხშობი [მაგალითად, 10-მეტრიანი ხეები უნდა დაირგოს], მტვრისგან დამცავი, დაჯახების შემანელებელი და გადმოვარდნის საწინააღმდეგო ბორდიურები კი ისედაც კეთდება ხიდებზე“.

მალხაზ ხურციძის თქმით, ბუფერული ზოლის სიგანე ზოგან 25, ზოგან 70 მეტრია. რაც შეეხება ზოლს მიღმა ტერიტორიას, ზემოქმედების ხარისხის დადგენა გარემოს დაცვის სამსახურების კომპეტენციაა [„გეოგრაფიკი“ განსახლების გეგმის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამოწმებს, რაშიც დეპარტამენტი 285 ათას ლარს გადაუხდის. გადამოწმება აგვისტოში უნდა დასრულდეს].

ქობულეთის შემოვლითი გზა[წითელი-მშენებარე] და ბათუმის შემოვლითი გზა [ლურჯი-პროექტი]

ქობულეთის მშენებარე [წითელი] და ბათუმის დაგეგმილი [ლურჯი] ასაქცევი გზა

ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის – მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი [რა ადგილზე გადაკვეთს მდინარე ჭოროხს ავტობანი არ არის დაზუსტებული].

ბათუმის ასაქცევი გზის პირველ მონაკვეთზე [მახინჯაურიდან ჭოროხამდე] აშენდება 25 ხიდი, რომელთაგან სამი სატრანსპორტო კვანძებში იქნება განლაგებული; 5 კვანძი; 5 გვირაბი და მშენებლობისთვის საჭირო გვირაბები. ტრასის ჩვეულებრივი სიგანე 40 მეტრია, გარდა კვანძებზე, გვირაბებსა და ხიდებზე გამავალი მონაკვეთებისა. ხიდები გეგმის მიხედვით ორზოლიანია, მაგრამ მომავალში გაფართოვდება 4 ზოლამდე. ხიდების საშუალო სიგრძე შეადგენს 30 მეტრს [12-დან 50 მეტრამდე], ხოლო სიგანე – 15 მეტრს.

აჭარაში [48,4 კმ სიგრძის] ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში ამ თვეში ელოდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com