დასაქმების სააგენტოში დილით მისულ რიჟვაძეს თანამშრომლების უმეტესობა არ დახვდა


„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარე უწყებას – დასაქმების სააგენტოს მოულოდნელად ესტუმრა. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი დახვდა. სამსახურში არც სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე იმყოფებოდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, თორნიკე რიჟვაძის სააგენტოში ვიზიტის შესახებ არაფერი იცის.

„ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა… არა, ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ არა სააგენტოში, სხვაგან, საქმიან გარემოში“, – გვითხრა თემურ კახიძემ, რომელიც მომხდარს კატეგორიულად არ უარყოფს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, თორნიკე რიჟვაძე სააგენტოში ნამდვილად იმყოფებოდა. დაუგეგმავად კი იმიტომ მივიდა, რომ მისი მიზანი მონიტორინგი იყო. რა მოხდა იქ და მიიღო თუ არა შენიშვნა სააგენტოს ხელმძღვანელმა იმის გამო, რომ სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, ამ კითხვაზე აჭარის მთავრობაში არ გვიპასუხეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი