მთავარი,სიახლეები

სოფლის ფესტივალი „კაპანი“ – ჩანჩქერი, წყლის წისქვილი და აჭარული სამზარეულო

24.05.2019 • 3167
სოფლის ფესტივალი „კაპანი“ – ჩანჩქერი, წყლის წისქვილი და აჭარული სამზარეულო

ავტორი: მარიამ დუმბაძე

სოფელი კაპნისთავი ხვალ, 25 მაისს, დღის ორი საათიდან სტუმრებს ელოდება. ამ სოფელში წელს პირველად ჩატარდება ფესტივალი „კაპანი“. ფესტივალზე დასწრების მსურველები, ორ საათამდე ხელვაჩაურში, აჭარული ღვინის სახლში უნდა მივიდნენ. აქ მათ დახვდებიან სტუდენტები, რომლებიც სტუმრებს გადაამისამართებენ მიკროავტობუსებში. ფესტივალის სტუმრები აჭარული ღვინის სახლიდან სოფლამდე უფასოდ იმგზავრებენ.

რა გელით ფესტივალზე?

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეთნოგრაფიული ტური კაპნისთავში, რომელიც ეთნოგრაფიული კუთხიდან დაიწყება და გადაინაცვლებს წყლის წისქვილთან, გზად შეგვხვდებათ ხეზე ნაშენი სკები, ჩანჩქერი, აჩიკო ცისკარაძის სახლ-მუზეუმი სამუშაო იარაღებით და 200-წლოვანი ორსართულიანი ნალიით. სტუმრებს შეეძლებათ ნახონ აჭარული სოფლის ავთენტური გარემო.

ფესტივალის სტუმრები დაათვალიერებენ სოფელ კაპნისთავის ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს, ჩანჩქერს, ნალიებს, ეთნოგრაფიულ კუთხეს, ძველ ქვევრებს, ფერადი ლითონის მოპოვების ადგილებს, ძველებურ სკებს. ასევე, გაიმართება უძველესი თამაში ,,იუზქოინი“ [შვიდი ნიგვზის ნაჭუჭუდან ერთ-ერთში ათავსებენ სიმინდის მარცვალს. გამარჯვებულია თამაშის ის მონაწილე, რომელიც გამოიცნობს, რომელ ნაჭუჭშია მარცვალი], კეგლებით გართობა.

ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ გასინჯონ აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, მათ შორის: სინორი, ბორანო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, მწვადი, ნატურალური ხილი. კერძების დაგემოვნება გამოფენის ფარგლებში ფასიანი იქნება.

სტუმრებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ. ფესტივალის ოფიციალური ნაწილი სრულდება 18:00 საათზე, ბოლო მიკროავტობუსი კი ქედიდან 18:30 წუთზე გადის ბათუმის მიმართულებით.

ის, ვინც უფრო დიდ ხანს გადაწყვეტს კაპნისთავში დარჩენას, უნდა იცოდეს, რომ კაპნისთავში და არც მეზობელ სოფლებში არ არის სასტუმრო, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეიძლება ოთახის დაქირავება.

ფესტივალის სახელწოდება – „კაპანი“ ფესტივალის მასპინძელი სოფლის სახელწოდებიდან მომდინარეობს. ფესტივალის ორგანიზატორის, ზარიმა მაგამედოვას თქმით, ეს სიტყვა თურქული წარმოშობისაა და „მთის ძირს”, „მაღალს“ ნიშნავს.

სოფელი კაპანი ბათუმიდან 26 კილომეტრით არის დაშორებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: