„ჩვენ ისევ ცარიელი ხელებით ვრჩებით“ – სოცმუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე ბათუმში


სოცმუშაკები ბათუმის „ვარდების სკვერში“ დღეს, 29 მარტს, ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად საპროტესტო აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთან იმართება. სოცმუშაკები მოთხოვნების სრულად შესრულებას ითხოვენ.

„კატეგორიულად უარს ამბობენ ამ წელიწადში ხელფასის მატებაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი ანაზღაურება ხელზე 625 ლარია. ასევე, ვითხოვთ წერილობით დადასტურებას იმ დაპირებების, რაც მინისტრმა გააჟღერა,“ – ამბობს ბათუმელი სოცმუშაკი, ხატია მახარაშვილი.

სოცმუშაკების თქმით, ისევ პრობლემაა სერვისები – სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მათ ისევ „შიშველი ხელებით“ მოუწევთ მისვლა. ამის საილუსტრაციოდ გაფიცულები პლაკატებთან ერთად შიშველ ხელებს აჩვენებენ.

ამ ეტაპზე სოცმუშაკების მოთხოვნებიდან რამდენიმე დაკმაყოფილდა. მათ შორის, ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

„ასევე ჩვენი ვალდებულება აღარ იქნება რამდენიმე პროგრამაში მუშაობა, მაგალითად, შშმ ბავშვების დღის ცენტრებში განთავსება… მოთხოვნებს შორის გვქონდა ისიც, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდა მუშაობა,“ – გვითხრა სოცმუშაკმა, ნინო ტყეშელაშვილმა.

სოცმუშაკების თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნებს სრულად არ გაიზიარებს ჯანდაცვის სამინისტრო.

 

ამ თემაზე:

სოცსამსახურები გაფიცვის შემდეგ მხოლოდ ახალ განცხადებებზე ფოკუსირდებიან – ომბუდსმენი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი