მთავარი,სიახლეები

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

08.03.2019 • 2139
ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

ბათუმში, თევზის ბაზრის უკან [„მელკი მორიასთან“] მდებარე შენობებს, რომლებიც ადრე „საქნაპირდაცვას“ ეკუთვნოდა, დაანგრევენ და ნაცვლად ახალ სამსართულიან შენობას ააშენებენ. 834 კვ/მ ტერიტორია, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, ბაქოს ქუჩაზე ზღვის პირას მდებარეობს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ეს ქონება [მიწა და შენობები] გარემოს ეროვნულ სააგენტოზე უზუფრუქტითაა გადაცემული.

ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს Modern Architectural Group-ი შეადგენს. კონკურსი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა. კომპანია პროექტს და ხარჯთაღრიცხვას 49 ათას ლარად მოამზადებს, თუმცა, ჯერ მასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

კონკურსის პირობის მიხედვით, საპროექტო შენობებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 200 000 [+10% დასაშვებია] ლარს.

ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია და სხვადასხვა დეპარტამენტები: ბათუმში ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ქვედანაყოფები [II სართული], მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი [I-II სართული], გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საკონკურსო კომისიამ ერთ-ერთ კონკურსანტს, შპს „ექო არჩიტექტს“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ეს კომპანია სააგენტოს დოკუმენტების მომზადებას 48 ათას ლარად სთავაზობდა.

დისკვალიფიკაციის გამო „ექო არჩიტექტმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესყიდვების დავების საბჭოში უჩივლა.  საჩივარში აღნიშნულია, რომ „Moder Architectural Group-ის მიერ დადგენილი ვადების დარღვევით იქნა წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია – არქიტექტურული მისადაგება არსებულ განაშენიანებასთან და არსებულ გარემოსთან, ასევე განმარტებითი ბარათი. საკონკურსო კომისიამ აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა და პრეტენდენტს არ მიანიჭა დისკვალიფიკაცია, მაშინ როდესაც ჩვენ მოგვანიჭა დისვალიფიკაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ დოკუმენტზე კვალიფიციური ხელწერის არ დადების გამო, იმ მოცემულობაში როცა ჩვენ მიერ სხვა ყველა დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო ატვირთული. გვრჩება არაობიექტურობის და არასამართლიანობის განცდა. მიგვაჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ არასამართლიანად მოახდინა დოკუმენტების შეფასება და არ განახორციელა შპს Modern Architectural Group-ის დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო“.

„ექო არჩიტექტი“ დავების საბჭოსგან ითხოვს „დაევალოს საკონკურსო კომისიას გადასინჯოს შესაბამისი ოქმი და შესყიდვის პროცედურები განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით“. საჩივარი განხილვის პროცესშია.

ფოტომონტაჟი შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტიდან

შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი შენობის კონცეფცია: „აღნიშნული შენობა წარმოადგენს სამ სართულიან ნაგებობას. პირველი, სართულის, ასევე მეორე და მესამე სართულების სიმაღლეებია 3,4 მ. სადაც შეკიდული ჭერის შიგნით გათვალისწინებულია ყველა ოთახისთვის აუცილებელი იძულებითი ვენტილიაციის და კონდინცირების სისტემების მოწყობა.
სარდაფის ნიშნულზე – 2,2 მ შესაძლებელია განთავსდეს ინვენტარის საწყობი თუ ყველა ტექნიკური ოთახები – სავენტილაციო, საქვაბური და ა.შ. მეორე სართულზე არის საშუალება მოეწყოს გამწვანებული ვერანდა – ღია მოსასვენებელი ადგილი თანამშრომელთათვის, რაც აუცილებელია, რომ თანამშომლებმა შესვენება შესძლოს შენობიდან გაუსვლელად.
პირველ და მეორე სართულზე, ვესტიბიულის, გარდერობის, ბიბლიოთეკისა და სველი წერტილების გარდა, უმეტეს წილად სპეციფიური ლაბორატორიებია განთავსებული.
მესამე სართულზე კი განთავსებულია: რამდენიმე სასტუმრო ოთახი თავისი სველი წერტილებით, საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო თავისი მოსასვენებლით, ადმინისტრაცია მთავარი სპეციალისტებით. დაკონკრეტებული გეგმარება და დიზაინი გაკეთდება, დეტალური მუშა ნახაზების შედგენისას, კონსტრუქციული და ინჟინრული გადაწყვეტილებების შეთანხმების შემდგომ“.

 

მთავარი ფოტო: ფოტომონტაჟი შპს Modern architectural group-ის მიერ კონკურსზე წარდგენილი დოკუმენტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: