ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, ამჯერად 2,9 მილიონი ლარით



ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.

ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს შეწყდება.

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღეში კი, პარკის მოწყობა უნდა დასრულდეს. პარკი იმ პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, რაც სატენდერო დოკუმენტებს თან ახლავს.

ტენდერის პირობით, ამჯერადაც შესაძლებელია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 2019 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შეჩერდეს სამუშაოების მიმდინარეობა [გარკვეული ეტაპები] და გაგრძელდეს ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე.

ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 3 მილიონ 11 ათას 440 ლარი გამოიყო და ტენდერიც გამოცხადდა.

ამ ტენდერში შესყიდვის პროცედურები შეჩერდა, ვინაიდან სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა.

დავების საბჭომ მომჩივანი კომპანიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სატენდერო კომისიამ კი ტენდერში მონაწილე სამ კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია, 2018 წლის 18 დეკემბერს კი, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა განაპირობა ზღვისპირა პარკის საპროექტო დოკუმენტაციის გადახედვა და ტენდერის პირობებში ცვლილებების შეტანა, რაც მიმდინარე ტენდერის პირობებში შეუძლებელი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com