„სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა“ – კამათი პორნოგრაფიის განსაზღვრაზე საკონსტიტუციოში

პორნოგრაფიის განსაზღვრების პრობლემაზე დღეს დილიდან მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. დავის საგანი მარტივია: კანონში მხოლოდ ის უნდა ეწეროს, რომ პორნოგრაფია დასჯადია, თუ უფრო დეტალურად უნდა განიმარტოს, რა არის პორნოგრაფია და რა სახის პორნოგრაფიის გავრცელებაა დასჯადი.

„კომპასი არ გვაქვს, კომპასიო, ამას ამბობს მოსარჩელე, მაგალითად, კაბა რამხელაზე უნდა იყოს აწეულიო… ზღვის პირას არის, მაგალითად, ქალი, მსუბუქად ჩაცმული, მიადგება სამართალდამცველი და ეტყვის, რომ გიჩანს ორგანოები, რომლის გამოჩენაც არის უხამსობა და შენ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დავიწყოთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე მერაბ ტურავამ პარლამენტის წარმომადგენელს მიმართა.

„და ეტყვის იმ ქალს, შენ მალე ყავასაც დალევო“, – უცებ თქვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, ვიდრე პარლამენტის იურისტი პასუხს იტყოდა.

„ვერ იქნება ვერანაირი კომპასი,“ – მიმართა მოსამართლეებს პარლამენტის იურისტმა.

„პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების, ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება, ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა, ან მისი შენახვა, გაყიდვის, ან გავრცელების მიზნით აკრძალულია“, – ეს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული ჩანაწერია.

ამ მუხლის შესაბამისად 2015 წელს მოქალაქე გიორგი ლოგუა დააკავეს. მან საკუთარ ინტერნეტგვერდზე უცხოური საიტებიდან გადმოტვირთული პორნომასალები განათავსა. გიორგი ლოგუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რადგან მიიჩნევს, რომ პორნოგრაფიის განმარტება „სისხლის სამართლის კოდექსში“ ბუნდოვანია.

პაუზის შემდეგ პარლამენტის იურისტმა თქვა ისიც, რომ ეს არის მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი ჩანაწერი, რის დაწერაც კანონმდებელს შეეძლო. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი განჭვრეტადია.

„არ არის ასე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავს. – „მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნოგრაფიასთან მიმართებით გამოიყენა ე.წ. მიულერის ტესტი. ეს გულისხმობს იმას, რომ პორნოგრაფიად კონკრეტული ნაწარმოების შეფასების დროს უნდა არსებობდეს სამი კრიტერიუმი: აშკარა სექსუალური სცენები, ამ სცენებს საშუალო მგრძნობელობის ადამიანის აღგზნება უნდა შეეძლოს და მას არ უნდა ჰქონდეს სახელოვნებო, სამეცნიერო, ან საგანმანათლებლო დანიშნულება. ჩვენს შემთხვევაში კი, კანონი იმასაც კი არ ამბობს, პორნოგრაფია სექსს უკავშირდება თუ არა,“ – უთხრა გიორგი გოცირიძემ მოსამართლეებს.

„პორნოგრაფია გასაგებია არაა, რომ სექსს უკავშირდება?… ვინ დაადგინა ეს პრეცედენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლომ ხო? ჩვენთანაც არ უზღუდავს სასამართლოს ვინმე, რომ პორნოგრაფია განიმარტოს?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„იქ არის პრეცედენტული სამართალი, როცა კონკრეტულ ნორმებს ადგენს სასამართლო. ჩვენთან კი, პორნოგრაფიის ცნების განსაზღვრა არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა. კანონმდებელმა მინიმალური სტანდარტი უნდა განსაზღვროს, რა უნდა მიიჩნეოდეს პორნოგრაფიად… ჩვენს პრაქტიკაში, როცა მოსამართლეებმა განიხილეს პორნოგრაფიასთან დაკავშირებული საქმეები, ისინი დაეყრდნენ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეების პირად შეფასებებს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ასე, კონკრეტული პირის შეფასების ამარად არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დასჯა – თავისუფლების აღკვეთაზეა საუბარი. შესაბამისად, მეტი დეტალიზაციაა საჭირო,“ – განმარტა გიორგი გოცირიძემ.

მოსამართლე ევა გოცირიძემ ამჯერად საია-ს იურისტს რამდენიმე ქვეყნის კანონდებლობაში ცნება „პორნოგრაფიის“ განმარტება წაუკითხა: „მძიმე ფორმა“, „გარყვნილად გამოხატავს,“ – ეს განმარტებებიც ბუნდოვანი ფრაზებით ხდება, აქ ძნელია სიზუსტის მიღწევა,“ – თქვა მოსამართლემ, შემდეგ კი, „საზოგადოებრივ მორალზეც“ გაამახვილა ყურადღება.

„ვთქვათ, ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი მორალი, მეორე მხარეს კი პორნოგრაფია, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„თუკი სრულწლოვანი ადამიანი უყურებს პორნო ვიდეოს, თუნდაც აღგზნების მიზნით, აქ არ ჩნდება საზოგადოებრივი მორალის დარღვევის საფრთხე… სექსი არ არის დანაშაული, ქალბატონო ევა,“ – მიმართა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.

დისკუსია გამწვავდა.

ევა გოცირიძე: „თუ ყოველდღე უყურებს ადამიანი პედოფილია, ნეკროფილიას, ზოოფილიას, ეს მისაღებია? უნდა ვთქვათ, რომ ეს მისი საქმეა მხოლოდ?“

გიორგი გოცირიძე: „კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი თავისუფალია, თუ მისი ქმედება სხვას არ აყენებს ზიანს“.

დისკუსიას მოსამართლე მერაბ ტურავა დაუბრუნდა, რომელმაც კოლეგას შეახსენა, რომ პედოფილიის თუნდაც ყურება ცალკე დანაშაულია და ეს პორნოგრაფიის განმარტებასთან კავშირში არ არის.

პოზიცია გამოხატა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემაც: „ქართული პორნო რესურსი თითქმის არ არსებობს, უცხოურ პორნოს კი ვერ აკრძალავ. მაშინ ინტერნეტი უნდა გამორთო საერთოდ, ეს თავის მოტყუება ხომ არ არის? … დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, შემიძლია ახლა ბათუმის ბულვარში გავიდე და ისე ავტვირთო ვიდეო, თითქოს სინგაპურში ვარ, ასე გამოჩნდება“, – თქვა მან.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, პარლამენტს მოუწევს კანონში ახალი ჩანაწერის გაკეთება – რა არის პორნოგრაფია.

ამ თემაზე:

მოსამართლეების უხერხული კითხვები პორნოგრაფიაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი