მთავარი,სიახლეები

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

01.12.2018 • 9809
აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

ქართული საიტების რეიტინგში, პირველ ოთხეულში აუცილებლად შეხვდებით მინიმუმ ერთ ონლაინ კაზინოს. ერთ-ერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, ას ოცი ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათგან 79% კაცია.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიყვანა.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (Gambling Disorder) ფსიქოლოგიური დარღვევაა. იგი გულისხმობს თამაშის განმეორებად პრობლემატურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე ხდება ისევე დამოკიდებულ, როგორც ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებაზე. აზარტული თამაშების კომპულსიურ თამაშს შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური პრობლემები, პრობლემები ურთიერთობებში და სამსახურში. ცხადია, სამართლებრივ საკითხებშიც. აზარტული მოთამაშეები უმეტესად მალავენ თავიანთ ქცევას, მათ შეუძლიათ მოატყუონ ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები”.

ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ქცევა შესაძლოა იყოს ადიქცია/დიაგნოზი თუ იგი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

 

[checklist]

  • თუ ადამიანი თამაშობს რეალობიდან გასაქცევად;
  • როცა არ შეუძლია ამ ქცევის კონტროლი;
  • საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ურთიერთობებს. 

[/checklist]

იმისთვის, რომ ასეთ ადამიანს დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია დადგინდეს რა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ამ ქცევით ადამიანი:

“მაგალითად, ეს არის მარტივი ფულის მოთხოვნილება, დროის გაყვანის სურვილი, აზარტი თუ ჟინი… ბაზისურად შესასწავლია რა სურვილია და შემდეგ უნდა ვასწავლოთ ამ სურვილის სხვა ალტერნატიული გზით დაკმაყოფილება” – ამბობს ირმა კვაჭაძე.

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, მოთამაშეები აზარტული თამაშის დროს გადადიან ილუზორულ მდგომარეობაში, როცა არ მოსწონთ არსებული რეალობა. თამაშის დროს გრძნობენ ეიფორიას, აქვთ ამაღლებული განწყობა, რის გამოც მოსწონთ ახალი რეალობა, მაგრამ როგორც კი უბრუნდებიან ძველ რეალობას, იმაზე ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე იქამდე. სწორედ ამის გამო სულ უფრო და უფრო ერთვებიან აზარტულ თამაშებში  და „დოზას ზრდიან“, როგორც ნარკოდამოკიდებული ადამიანები.

ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის დახმარების პროცესი ერთ-ერთი რთული თერაპიული პროცესია, თუმცა საბოლოოდ კონტროლს ექვემდებარება.

„ასეთ შემთხვევაში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია მუშაობს კარგად, ასევე ჰიპნოზის ელემენტებიც. ყველაზე კარგად მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც რამდენიმე დისციპლინა იციან. საამისოდ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ხდება ამ ადამიანების განრიდება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ცენტრები ჩვენთან არ არის”, – ამბობს ფსიქოლოგი.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ აზარტული თამაშების თემა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი არასრულწლოვანთა თამაშდამოკიდებულებაზეა გასაკეთებელი:

„ძირითადი პრობლემა ინტერნეტით აზარტული თამაშებისა არის ის, რომ მაღალია ჩართულობა არასრულწლოვანების. სახელმწიფომ ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომა უნდა მიიღოს – უნდა დააწესოს გარკვეული ბარიერები იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებში არ ჩაერთონ არასრულწლოვნები. რაც შეეხება სრულწლოვანებს, სამართლებრივი თვალსაზრისით სრულწლოვან ადამიანს აუკრძალო რაღაც, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ ერევი ადამიანის თავისუფალ ნებაში, მის კონსტიტუციურ უფლებაში, დასვენებაში, გართობაში…” – ამბობს ის.

გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ არასრულწლოვნები ხშირად სხვისი პირადობებით რეგისტრირდებიან ონლაინ კაზინოებში და ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დადგენილი იყოს რეგისტრაციის ბარიერული მექანიზმი – “ონლაინ რეგისტრაცია კი არა, ადგილზე მისვლის და რეგისტრაცია. ამით შეიძლება შემცირდეს არასრულწლოვნების ჩართულობა ინტერნეტ აზარტულ თამაშებში”.

ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტში განიხილეს ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივე და თქვეს, რომ საჭიროა რეგისტრაციის პროცესის დახვეწა. კერძოდ, საჭიროა ასაკობრივი ცენზის, ან თვითაკრძალვის მექანიზმის შემოტანა. თუმცა ამ მხრივ კანონში ცვლილებები დღემდე არ შესულა.

გასულ წელსვე ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის “დამოკიდებულ პირთა სია” შეიქმნება და 3 წლის ვადით აზარტულ თამაშებში, მათ შორის ელექტრონულად, მონაწილეობა აეკრძალებათ. კანონპროექტის დეტალებსა და იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხვდეს ადამიანი დამოკიდებულ პირთა სიაში, შეგიძლიათ ნეტგაზეთზე წაიკითხოთ. როგორც საქართველოს პარლამენტის საიტზე ჩანს, კანონპროექტზე დადებითი დასკვნა ოთხიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ორ კომიტეტს აქვს დაწერილი.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ბარიერი, რამაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეაჩეროს – კაზინოს შავი სიაა. თუმცა,  პრაქტიკიდან ჩანს, რომ ეს არ არის ეფექტური ბარიერი. როგორც კაზინოს ერთ-ერთი თანამშრომელი განმარტავს, მოთამაშე მაშინ ხვდება კაზინოს შავ სიაში, როცა იგი იქცევა არაადეკვატურად, აგრესიულად, აზიანებს კაზინოს ქონებას ან შეურაცხყოფს გარშემომყოფებს. ასეთი კლიენტი შესაძლოა სამუდამოდ გაშავდეს კაზინოში, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა თხოვნის შედეგად ამ სიიდან შლიან ადამიანებს. კაზინოს შავ სიაში მოთამაშეს შეუძლია საკუთარი ნებითაც შეაყვანინოს თავი ადმინისტრაციას, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია ან მცირეხნიანი.

რას აკეთებს სახელმწიფო აზარტული თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონისა და ამით გამოწვეული რისკების შესამცირებლად? სექტემბერში მმართველი გუნდის დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა პროვაიდერებს, შესაძლოა, უცხოური სათამაშო კომპანიებთან გადასახადების განხორციელების მიზნით ურთიერთობის დამყარება აეკრძალოთ.

კიდევ ერთი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარედგინება პროექტი პარლამენტს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: