მთავარი,სიახლეები

სხეულის დანაწევრების დროს მუსიკას უსმენდნენ – თურქეთი ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებზე

27.11.2018 • 1982
სხეულის დანაწევრების დროს მუსიკას უსმენდნენ – თურქეთი ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ [Mevlüt Cavusgolu] დღეს გერმანულ მედიასთან ისაუბრა ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ასახავს. მინისტრმა ჩანაწერებს უწოდა „ამაზრზენი“.

G20 სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთი დეტალურად საუბრობს ჟურნალისტის მკვლელობაზე, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. „ის მოკლული იქნა შვიდი წუთის განმავლობაში. ეს იყო განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა Süddeutschen Zeitung-თან ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ პირადად მოისმინა ფარული ჩანაწერი, რომელიც სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოშია გაკეთებული.

„ისმის ხმა, როგორ აძლევს ინსტრუქციას სხვებს სამედიცინო ექსპერტი: მათ უნდა მოესმინათ მუსიკისთვის, როცა მოკლულის სხეულს ანაწევრებდნენ. შესამჩნევი იყო, რომ მას ეს მოსწონდა“, – თქვა ჩავუშოღლუმ. – „ის ადამიანს ანაწევრებდა სიამოვნებით. ეს ამაზრზენი იყო“.

კითხვაზე, როგორ მოიპოვა თურქულმა მხარემ საუდის არაბეთის საკონსულოში გაკეთებული ჩანაწერი, მინისტრმა თქვა: „დაზვერვის სამსახური წყაროს არ უთითებს“.

თურქულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერების შინაარსი იმის შესახებ, თუ როგორ ანაწევრებენ ჟურნალისტის სხეულს საკონსულოში. თურქეთის პერმიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ნოემბრის შუა რიცხვებში დაადასტურა, რომ მისი მთავრობა ფლობდა საუდის არაბეთის საკონსულოში განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ, მაგრამ აქამდე ეს ჩანაწერები არ გამოუქვეყნებიათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ოქტომბრის დასაწყისში მივიდა სტამბულში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში. ის საკონსულოში თავის ქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასაღებად მივიდა, მაგრამ შენობიდან უკან აღარ გამოსულა. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ჟურნალისტი ჩხუბის დორის დაიღუპა, მაგრამ უდიდესი საერთშორისო ზეწოლის პირობებში აღიარა ჟურნალისტის განზრახ მკვლელობა.

ჯამალ ხაშოგის ცხედარი ჯერაც არ არის ნაპოვნი.

თურქული მედიის ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირშია საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამმად ბინ სალმანი. მედიის ცნობით, ორშაბათს თურქმა სამართალდამცავებმა ორი ფეშენებელურ ვილა გაჩხრიკეს სტამბულის მახლობლად. თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ სამშაბათს წერდა, რომ ორივე ვილა ტახტის მემკვიდრის „ძალიან ახლო მეგობარს“ ეკუთვნის.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch არგენტინის ხელისუფლებას მიმართავს დააკავონ საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც G20 სამიტზე დასასწრებად ჩადის ბუენოს-აირესში. ორგანიზაციამ ამ განცხადებით ქვეყნის ფედერალურ სასამართლოს მიმართა.

ამჟამად არაბეთის ტახტის მემკვიდრე რამდენიმე „მეგობარ ქვეყანაში“ მოგზაურობს – ბაჰრეინისა და ეგვიპტის მონახულების შემდეგ, ოთხშაბათს ის თუნისში ჩავიდა.

მთავარი ფოტო: ჯამალ ხაშოგი და პრინცი მუჰამმად ბინ სალმანი

მევლუთ ჩავუშოღლუ

გადაბეჭდვის წესი