100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

ფატი მანელიშვილს 100 წელი 10 ოქტომბერს  შეუსრულდა.  მისი ახალგაზრდობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. პედაგოგიური სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა და განაწილებით ქობულეთში, ლეღვას საჯარო სკოლაში მოხვდა. 70 წელი ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა.

“ლეღვაში რომ დამნიშნეს სამუშაოდ, ავწიე ცხვირი – მე ბობოყვათელი ვარ და ლეღვამდე დიდი მანძილია. მზია ქემხაძე იყო ინსტიტუტის დირექტორი, იმან მითხრა კარგი, პატიოსანი ხალხი ცხოვრობს სოფელში და უკან ნუ დაიხევო. 10 იანვარი იყო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე და 11 იანვარს უკვე სკოლაში ვიყავი,” – იხსენებს ფატი მანელიშვილი.

ფატი მანელიშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი|ბათუმელები

ახლა მთელ დროს სახლში ატარებს, უყვარს ეზოში სეირნობა და ახალი ამბების მოსმენა. მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი კომუნისტურ ეპოქაში გავიდა. ამბობს, რომ ერთადერთხელ წავიდა საზღვარგარეთ – ბულგარეთში.

“53 მასწავლებელი გაგვგზავნეს საქართველოდან. 15-20 დღე დავრჩით ბულგარეთში. ისეთი რამეები ვნახეთ, რასაც ვერც წარმოვიდგენდი, რომ არსებობდა. ეგ იყო სულ ჩემი მოგზაურობა. სხვაგან არსად ვყოფილვარ,” – იხსენებს ფატი მანელიშვილი.

თავისი ცხოვრების მანძილზე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, თუმცა თავად მთავარ ჯილდოდ  თავისი მოსწავლეების სიყვარულს მიიჩნევს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი