მთავარი,სიახლეები

რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

10.11.2018 • 2878
რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

„წელს თაფლის მოსავალი განახევრდა, ყველგან ასეა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეფუტკრემ ქობულეთში, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მეფუტკრე დარწმუნებულია, რომ თაფლის მოსავლის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს.

თაფლის მოსავალი რომ შემცირდა, ამას მეწარმე და მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი – მანანა ბოლქვაძეც ამბობს, თუმცა ის დარწმუნებული არაა შემცირება ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა შეწამვლამ გამოიწვია, თუ სხვა დაავადებამ. მეწარმე მთავრობას საყვედურობს  იმას, რომ  მონაცემებს არავინ ითვლის, არც სწავლობს, ხოლო პრეპარატები, რასაც მეფუტკრეებს სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო სთავაზობენ, არაეფექტურია. მანანა ბოლქვაძეს ფუტკრის სკები ქედასა და ხულოში აქვს.

„ჩემს შემთხვევაში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა თაფლის მოსავალი… ფუტკარი, რომელსაც უშუალოდ შეასხურეს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი, დაიღუპა, მაგრამ ასეთი ბევრი არ არის. ჩემი დაკვირვებით, პარაზიტი ტკიპა გააქტიურდა, რომელიც წინა წლებშიც იყო, მაგრამ ახლა მასობრივი გახდა. ვფიქრობ, რომ მოსავლის შემცირება უფრო ამ ტკიპას უკავშირდება. ადგილობრივი წარმოების პრეპარატებმა ამ დაავადების წინააღმდეგ არ იმუშავა, ეს აშკარაა და ამას ყველა მეფუტკრე გეტყვით. უცხოური პრეპარატები ანადგურებენ ტკიპას, მაგრამ ცუდად მოქმედებს თაფლის ხარისხზე. მე პირადად ისევ ბუნებრივი მეთოდით ვცადე ფუტკრების გადარჩენა, ეს ევკალიპტის ან პიტნის ნაყენია, რომელიც მარტივად მზადდება,“ – გვიყვება მანანა ბოლქვაძე.

მეფუტკრის თქმით, პრობლემას ართულებს ინფორმაციის არქონა – მეფუტკრეებს შესაბამის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ აწვდიან, მეფუტკრეებს არც ერთმანეთისთვის სურთ გამოცდილების გაზიარება.

„არაა ასე, რომ მიხვიდე სამინისტროში და რაღაც რჩევა მიიღო. პირიქით, რაღაცები უკვირთ, როცა უყვები… ზოგჯერ შეკრებები იმართება, მაგრამ მეფუტკრეებს ერთმანეთისთვისაც არ სურთ გამოცდილების გაზიარება. ყველას თავისი მეთოდი აქვს. არავინ იკვლევს, რამდენია მოსავალი, რამდენით შემცირდა, რატომ ვერ მუშაობს ეს პრეპარატები. სტატისტიკური მონაცემებიც ძირითადად ზედაპირულია,“ – აღნიშნავს მანანა ბოლქვაძე.

შემცირდა თუ არა თაფლის მოსავალი წელს აჭარაში? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ზუსტ მონაცემს მომავალი წლის მაისში გვეტყვიან. აქ განმარტავენ, რომ მონაცემებს მეფუტკრეებთან გასაუბრების გზით, ასევე თაფლის რეალიზების პროცესში აგროვებენ.

„თაფლის წარმოება არ შემცირებულა“, – ირწმუნება მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მას ვკითხეთ, რის საფუძველზე ამბობს ამას, თუკი თაფლის მოსავალი სამინისტროში ჯერ არ დაუთვლიათ.

„მკვეთრი ზეგავლენა მეფუტკრეობის დარგზე არ მოუხდენია არაფერს. ცალკეულ კერებში, მათ შორის, ქედაში, იყო გამოვლენილი ვაროვატოზი ტკიპის სახით, რამაც გარკვეული ოჯახები დააზიანა, თუმცა ეს არაა ის მაჩვენებელი, რომელსაც შესაძლოა მთლიან მაჩვენებელზე მოეხდინა გავლენა. ჩვენ გვინდა, იქ მივიყვანოთ სპეციალისტები, რომ ეს არ გავრცელდეს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, აჭარის რეგიონში სულ 28 ათასი სკა აქვს 950 მეფუტკრეს. საშუალო მოსავალი წლის განმავლობაში 250 – 300 ტონა თაფლია.

მამუკა თურმანიძეს არ სჯერა მეფუტკრეების, რომლებიც ამბობენ, რომ ფუტკარზე უარყოფითად ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესხურებამ იმოქმედა, თუმცა დასძენს: „ჩვენ იმ კერებში, სადაც სკებია, ღამის საათებში განვახორციელეთ შესხურება“.

რატომ ღამით, თუკი ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი ფუტკარს არ ვნებს? – მამუკა თურმანიძემ თქვა, რომ ამით რისკის დააზღვიეს, რადგან პირდაპირი კონტაქტის დროს, შესაძლოა, ამას უარყოფითად ემოქმედა ფუტკარზე.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტკიპის გააქტიურება გასული თბილი ზამთრის ბრალია. „ზამთარი იყო თბილი და ამ დაავადებებმა ადვილად გამოიზამთრა, მოიმატა მათი რაოდენობა. არსებობს რეგისტრირებული პრეპარატები, რომლითაც შესაძლებელია მიიღო ეფექტური შედეგი,“ – ამბობს ის.

რაც შეეხება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მეფუტკრეებისთვის – მამუკა თურმანიძე აღნიშნავს, რომ ექსტენციის პროგრამის ფარგლებში სპეციალისტებმა მეფუტკრეებს უშუალოდ სოფლებში გაუწიეს კონსულტაცია. „ჩვენ გავაძლიერებთ ექსტენციის მომსახურებას და მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: