რა პროფესიებზეა მოთხოვნა პოლონეთსა და ესტონეთში – დასაქმების ვებგვერდის პრეზენტაცია

12-13 ოქტომბერს, ბათუმში მყოფი ევროკავშირის ელჩის,  კარლ ჰარცელის ერთ-ერთი შეხვედრის თემა პროფესიული განათლება იყო.  ევროკავშირმა წლის დასაწყისში საქართველოს 140 მილიონი ლარის მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით. რეფორმები მოიცავდა როგორც ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების, ასევე პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროებს.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში პროფესიული განათლების პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა, რომ ამ სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირი მომავალ წელსაც გააგრძელებს.

ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს პროფესიულ სფეროში კადრების გადამზადების მიმართულებით, რათა ადამიანები გახდნენ  კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

„დღევანდელი განათლების რეფორმა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ტრადიციული განათლება ვეღარ ეწევა და აღარ შეესაბამება გლობალიზაციის მიერ მოტანილ სტანდარტებს რომელიც  დღეს მსოფლიოში არსებობს.

ჩვენ კარგი ურთიერობა გვაქვს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ბიზნესთან, იმისათვის, რომ განსაზღვრული იყოს, თუ რა სჭირდება ბაზარს, რა პოზიციებზეა მეტი მოთხოვნა და ამ მიმართულებით მოხდეს  ადამიანების გადამზადება“ – განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბსუ-ში

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს დასაქმების პორტალი, worknet.gov.ge  გააცნო, სადაც დასაქმების მსურველებს შეუძლიათ მოიძიონ სამუშაო არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.

მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ამ პორტალზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები ტექსტური შეტყობინებების სახით პერმანენტულად მიიღებენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესახებ.

„მითითებული იქნება არა მარტო სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, არამედ ისიც, თუ რა ასაკის და რა პროფესიის კადრზეა მოთხოვნა“ – განაცხადა მან.

ბეზარაშვილის თქმით, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში, კონკრეტულად კი, პოლონეთსა და ესტონეთში.

„ამ ეტაპზე შემდუღებლებსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტებზეა მოთხოვნა ამ ქვეყნებში. იყო  სამუშაო სათბურშიც, თუმცა ჩვენი მოქალაქეები ამ სამუშაოთი არ დაინტერესდნენ. დასაქმებული ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი და ანაზღაურება იწყებოდა 450 ევროდან. სამწუხარო რეალობაა, რომ ბევრს სახლში ჯდომა ურჩევნია, რადგან სახელმწიფო ფარავს გზის, ბავშვის განათლების, კომუნალურ და ასე შემდეგ ხარჯებს. ამიტომ 450 ევროდ მუშაობა არ უღირთ. ევროპაში დასაქმების პლუსი ისიც არის, რომ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, დამსაქმებელი სამთვიან კონტრაქტს აფორმებს დასაქმებულთან თუ ადამიანი კარგად იმუშავებს“ – გვითხრა მან.

შეხვედრა სტუდენტებთან

ბეზარაშვილის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ფონდთან და ის აწვდის ლეგალური სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:

„არალეგალად რომ არ დარჩეს დასაქმებული ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამის კონტროლს მიგრაციის საერთაშორისო ფონდი ახორციელებს. თვითონ გადიან მონიტორინგზე, დამსაქმებლებს ეკონტაქტებიან, შერჩეულ ბენეფიციარებს ნახულობენ, რომ მათი შრომითი უფლებები არ იყოს დარღვეული“.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნას საქართველოში, მარიამ ბეზარაშვილის თქმით, ამჟამად ყველაზე მეტი მოთხოვნაა სამშენებლო, სავაჭრო და სასტუმრო სექტორში.

დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ბოლო რვა თვის მონაცემების მიხედვით, სააგენტოს ხელშეწყობით 1 323 ადამიანი დასაქმდა გრძელვადიანი ხელშეკრულებით საქართველოში, აქედან 65 შშმ პირია, გასულ წელს კი,  2 ათასზე მეტი პირი დასაქმდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com