საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე უცნობმა პირმა მსოფლიო რუკა დაარიგა, რომელზეც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარეშე იყო დატანილი. ინციდენტი გუშინ,  3 ოქტომბერს,  ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მოხდა.

რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული.

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, რუკაზე არსებული შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუკები ადრესატებს ჩამოართვა. თვითმხილველმა და შესაბამისად ინფორმირებულმა პირმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პირი, რომელსაც აღნიშნული რუკები ჩამოართვეს, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი მიშა ხარაბაძე ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, რუკა ნამდვილად გავრცელდა, თუმცა მალევე მოახერხეს, რომ ის უფრო მეტ ადამიანს არ ენახა. კითხვაზე, თუ ვინ გაავრცელა რუკა, მიშა ხარაბაძე ამბობს, რომ პირის ზუსტი ვინაობა დადგენილი არ აქვთ.

„ეს იყო ალბათ პროვოკაცია. ერთ პირზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ხელს ვერავის ვერ დავადებთ.  როგორც კი შევიტყვეთ, მაშინვე აღვკვეთეთ და გამოსწორებულია უკვე ყველაფერი. ვინ მოახდინა და როგორ მოახდინა, ამაზე ვერაფერს ვიტყვით. შეიძლება ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, გარედან, შეიძლება შიგნიდან. რა ვიცი, აბა. ქვეყანა რამე ხდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მიშა ხარაბაძემ.

ფოტო სოციალური ქსელიდან

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 89-ე კონგრესი ჩატარდა, რომელზეც „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად არკადი დვარკოვიჩი აირჩიეს. დვარკოვიჩი 2018 წლის გაზაფხულამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე.

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბერს დაიწყო.მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

ამავე თემაზე:

პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი