მთავარი,სიახლეები

ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში ბათუმი შეიძლება დენის გარეშე დარჩეს – სემეკის განმარტება

17.07.2018 • 5081
ახალი აბონენტების დაერთების შემთხვევაში ბათუმი შეიძლება დენის გარეშე დარჩეს – სემეკის განმარტება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე დაერთება ბათუმში საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკს მიმართა „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ და სიმძლავრის გაზრდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კომისიამ ენერგოკომპანიის თხოვნა დააკმაყოფილა და მას სიმძლავრის გასაზრდელად ვადა მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მისცა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთან ოთხი განაცხადი შევიდა ბათუმიდან, აქედან სამი იყო დეველოპერი და ერთი სარესტორნო ბიზნესიდან. შესაბამისად, ისინი ითხოვენ ქსელზე მიერთებას. თუმცა, სემეკში აცხადებენ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა საშუალება შემოიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო.

„საჭიროა გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის გაძლიერება. რამდენიმე ანძა უნდა შეიცვალოს, გაორჯაჭვიანდეს. სანამ არ მოგვარდება ეს სიტუაცია, რისთვისაც პირველ ოქტომბრამდე მივეცით ვადა ენერგოკომპანიას, მანამდე [ანუ პირველ ოქტომბრამდე] ვერ მოხდება დეველოპერების ქსელზე დაერთება. ჩვენ იძულებული ვიყავით გადაგვევადებინა დეველოპერების ქსელზე მიერთების თარიღი, რაც გარკვეულად ხელს შეუშლის ინვესტიციების განხორციელებას ბათუმში, მაგრამ არის მეორე საკითხიც – ენერგეტიკული უსაფრთხოება და მიწოდების საიმედოობა. თუ ქსელს პრობლემა შეექმნა, შესაძლოა მთლიანად გამოირთოს ეს ქსელი და არა მარტო ბათუმს, არამედ მთლიანად აჭარის რეგიონს შეექმნას საფრთხე ენერგომომარაგების კუთხით“, – გვითხრა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

„ალმა“, „სავანე“, „თ და კ რესტორნები“ და „რომანი“ ის შპს-ებია, რომლებმაც სემეკს მიმართეს. როგორც „ენერგო-პროში“ გვითხრეს, ეს კომპანიები, ძირითადად, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ქსელში ჩართვას ითხოვენ.

„დღეის მდგომარეობით არის სხვა კომპანიებიც, თითქმის ყველა მშენებარე კორპუსი, რომელიც ამ დრომდე არ არის დაერთებული ჩვენს ქსელზე. ზუსტ რაოდენობას, რამდენი ითხოვს დაერთებას, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რადგან მომართვიანობა გრძელდება და მათი რიცხვი ცვალებადია“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ენერგოკომპანიაში ასევე გვითხრეს, რომ ბათუმში მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა: „აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად შეუძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ზე არსებული ტექნიკური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ხაზი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, საჭიროა ხაზის კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება ხაზის გამტარუნარიანობა და შესაძლებელი გახდება ბათუმის და ქობულეთის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგებისა და ახალი მიერთებების უზრუნველყოფა“.

„ერგე 1“-ის რეკონსტრუქციას ენერგოკომპანია იმ მიზეზით ვერ იწყებს, რომ მას გადამცემი ხაზის ანძებთან, რომლებიც კერძო ნაკვეთებშია, მოსახლეობა არ უშვებს.

რას ითხოვს მოსახლეობა და რას აპირებს ენერგოკომპანია?

„კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ, ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე ხაზის არსებობას აპროტესტებენ, წინააღმდეგები არიან ხაზის რეკონსტრუქციის, სუბარში ახსენებენ, რომ ხაზის გადატანა სურთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მუნიციპალიტეტის დახმარებით და ჩართულობით დამატებით გავაკეთოთ განმარტებები ხაზის მნიშვნელობაზე და უსაფრთხოებაზე“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ „ერგე 1“-ის ძირითადი ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, თუმცა, ხაზი კერძო ნაკვეთებზე ყველგან არ გადადის. მერის თქმით, ხელვაჩაური, ახალშენი, განახლება და ერგე ის დასახლებებია, სადაც მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში გადამცემი ხაზის არსებობას თუ იქ სამუშაოების ჩატარებას აპროტესტებს.

„მოსახლეობას მოთხოვნები ჯერ ბოლომდე დარეგულირებული არ აქვთ და კომპანიის მიერ სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. რამდენი ოჯახია წინააღმდეგი, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნდა დაიწყოს ჯერ მოქმედება და შემდეგ შევხედავთ რა და როგორ. თუ რამე, შემდეგ ჩავერთვებით პროცესში – მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით“, – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ხაზის კერძო ნაკვეთებიდან გატანას არ ეთანხმებიან სემეკში. სემეკის წევრი გოჩა შონია „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ეს გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რაც შემდეგ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე:

„ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მოსახლეობა ითხოვს ან რამე მატერიალური სარგებელი ნახოს, ან გაიტანეთ ანძები საკუთრებიდანო. ანძების გადატანა ასე მარტივად არ ხდება. ერთი ანძის გადატანა ნიშნავს გადავიდეს სხვა ანძებიც, რადგან ტექნოლოგიური და ტექნიკური ციკლი არ უნდა დაირღვეს. ეს კი ნიშნავს დამატებით ხარჯებს, რაც შემდეგ უნდა შევიდეს დენის ტარიფში და, შესაბამისად, ეს უნდა აანაზღაუროს ყველა მომხმარებელმა, მათ შორის ბათუმმა, ქობულეთმა, სენაკმა, აბაშამ და ყველამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“.

სემეკი წინააღმდეგია იმ მესაკუთრეებს, რომელთა საკუთრებაშიც გადის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, თუ დგას ანძა, რაიმე კომპენსაცია გადაუხადონ.

„ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცენდენტი. „ენერგო-პრო ჯორჯიზე“ 50 000 კმ სიგრძის ხაზია გადაცემული საკუთრებაში ქვეყნის მასშტაბით და ბევრი ანძა დგას კერძო საკუთრებაში. მაშინ, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მოითხოვს ამ კომპენსაციას. შემდეგ კი კომპანია მოითხოვს, რომ ეს ტარიფში აისახოს და ჩვენ ამას ტარიფში არ ავსახავთ, იმიტომ რომ არ არის არანაირად ვალდებული სენაკის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის თუ ქობულეთის მომხმარებლები ეს თანხები აანაზღაურონ. ეს რას ნიშნავს? – ყველგან კომპენსაციები უნდა გასცეს და არ უნდა დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები ანძებთან? არ არის ეს სწორი“, – აცხადებს გოჩა შონია.

გოჩა შონიას ვკითხეთ, თუ რამდენად დასაშვებია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების არსებობა კერძო ნაკვეთებში და საცხოვრებელ სახლებთან?

„კონკრეტულად ეს ხაზი აშენებულია 1937 წელში, მაშინ საერთოდ არ იყო ის ტერიტორია განკერძოებული. ამ მიწების განკერძოება მოხდა მოგვიანებით. არასწორად მოხდა თუ სწორად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს არის სასიცოცხლო ობიექტი და ნებისმიერ მოსახლეს აქვს ვალდებულება, დაუშვას ანძასთან კომპანიის თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი. ვთქვათ, დაზიანდა ეს ხაზი და გაითიშა მთელი ბათუმი, არ უნდა მიუშვას იქ თანამშრომლები კერძო მოსახლემ? მარტივი ლოგიკაა“, – ამბობს გოჩა შონია.

მისივე თქმით: „15 ოჯახია თუ არ ვცდები, წინააღმდეგი. ძველი ხაზით სიმძლავრის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ელექტროდეფიციტის თვალსაზრისით და მთლიანად გათიშოს ქალაქი. 15 ოჯახის ტყვე არ უნდა იყოს ბათუმი და მთელი აჭარა. ამხელა ქალაქია, ამხელა ინვესტიციები ხორციელდება, დიდი აქტივობაა ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით და ბევრი ტურისტი ჩამოდის“.

უნდა გაითვალისწინონ თუ არა თუნდაც ამ 15 ოჯახის ინტერესები სახელმწიფომ და კერძო ენერგოკომპანიამ? –

„საჭიროა ამ ადამიანებთან დიალოგი. მგონია, რომ საერთო ენა უნდა გამოინახოს. საჭიროა ახსნა-განმარტების წარმოება, რის შემდეგადაც ბევრი გაიგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე და პრობლემას სხვანაირად გაიაზრებენ. ისინი დღეს რაღაც კომპენსაციებსაც ითხოვენ, მაგრამ რა არის საკომპენსაციო ვერ ვხვდები. „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამბობს – მე შევალ კერძო საკუთრებაში, თუ რაიმეს დავაზიანებ აღვადგენ პირვანდელი სახით ყველაფერს, ავუნაზღაურებ, გამოვცლი ანძას და გამოვალ. იქ არ შედის კომპანია ტექნიკით. მეტ ხარჯს გასწევს, მაგრამ ხელით იმუშავებენ. ანძა უნდა იყოს უფრო მაღალი, დაშლიან ძველს და დაამონტაჟებენ ახალს. შედიან სპეციალური ხელსაწყოებით. ყოველ შემთხვევაში „ენერგო-პრო აცხადებს ასე“, – ამბობს გოჩა შონია.

„გვაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების და ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვით ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა. შესაბამისად, ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. დაშორება მიწასა და სადენს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და გატარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება [სადაც ძველი ანძები დგას]. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენს 6 მილიონ ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აჭარაში მაღალი ძაბვის ხაზი „ერგე 1“ გახდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აჭარაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ერთადერთი კომპანიაა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/144087/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: